2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ორი თვის მაჩვენებლებით საჰაერო ტვირთების მოცულობამ 4,771.765 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-იანი ზრდაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, 1,221.754 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც მთლიანი ტვირთბრუნვის 26%-ია.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი. იანვარ-თებერვალში Georgian Airlines-ი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 599.301 ტონა ტვირთს მოემსახურა. (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს).
საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე გატარებული ტვირთნაკადით ჩინური ავიაკომპანია YTO Cargo Airlines-ი მესამე პოზიციაზეა. ავიაკომპანია TOP 5-ში პირველად იანვარში გამოჩნდა და ერთი თვის მონაცემებით მეორე პოზიციას იკავებდა, თუმცა ორი თვის მაჩვენებლებით ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 588.484 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მეოთხე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო გადამზიდავი GeoSky, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2025 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში 382.914 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გაატარა.
ორი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე გადაზიდული ტვირთნაკადით მეხუთე პოზიციაზეა თურქული სატვირთო ავიაგადამზიდავი MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 314.618 ტონა ტვირთი გადაზიდა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
YTO Cargo Airlines;
GeoSky;
MNG Airlines;