საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია, საიდანაც 3-ში მატარებელი სტაბილურად მოძრაობს, 3-ში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
„სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, დასრულებულია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ყველა (ჯამში, 6) გვირაბის მშენებლობა. მათ შორის, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. 3 გვირაბში (ხარაგაული-ძირულა-შოროპანი) უკვე მოძრაობს მატარებლები. დარჩენილ 3 გვირაბში (ხაშური-მოლითი) მიმდინარეობს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის დამასრულებელი სამუშაოები, მათ შორის, დარჩენილია მეცხრე გვირაბის უსაფრთხოების სისტემის მოწყობა. სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგულის მონაკვეთზე. ამასთან, დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებულია ძირულისა და ქვიშხეთის ახალი, თანამედროვე სადგურის შენობები და სხვა სასადგურე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვიშხეთი-მოლითის მონაკვეთებზე მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები. სრულდება ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა. ასევე ბოლო ეტაპზეა მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.