ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზვიად ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერები დამუშავდა.

როგორც ზვიად ჩხარტიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, სექტორს ზრდა ყველა მიმართულებით აქვს და ფოთის საზღვაო ნავსადგური შესაძლებლობების ზღვარზეა.

"ძალიან კარგია, რომ რეკორდული რაოდენობის კონტეინერები დავამუშავეთ 313 000 TEU-ზე ვართ ასული, მაგრამ იცით, რომ ჩვენი პორტის წლიური გამტარიანობა - 600 000 TEU არის, ანუ შესაძლებლობების ზღვარზე ვართ. არსებული ტვირთის ფარგლებში ზრდა გვაქვს, როდესაც ის ნაკადიც კი გადმომისამართდება, რომელიც სამხრეთში არსებული კრიზისის გამო შეიძლება, ისევ ჩვენს დერეფანში დაბრუნდეს, ამ ყველაფრის შედეგად სამხრეთ კავკასიის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტვირთები დაგვემატება, ასევე ცენტრალური აზიის მიმართულების მოძრავი ტვირთები გადმომისამართდება, აღნიშნული ჩვენზე 2-3 თვის ჭრილში აისახება. ეს ყველაფერი დასაფიქრებელია, რადგან შესაძლებლობების ზღვარზე ვიმყოფებით", - აღნიშნავს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ამასთან, ზვიად ჩხარტიშვილმა ლოგისტიკის საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ სფეროში წინა წლებთან შედარებით, ლოგისტიკის საკითხი გაცილებით გამარტივებულია.

"აბსოლუტურად სრულ სპექტრს ვემსახურებით დაწყებული პირველადი ტვირთით მეორადი ავტომობილებით დასრულებული. აღნიშნული ტვირთები შემოდის: სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთიდან, აშშ-დან, აგრეთვე ცენტრალური აზიიდან. ზრდა ორივე მიმართულებით გვაქვს, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ჩვენ შემკრებ-გამანაწილებული პორტი ვართ და ძირითადად, სატრანზიტო ფუნქციას ვასრულებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აბსოლუტურად, შესაძლებლობების ზღვარზე ვიმყოფებით! ჩვენ სტაბილური ზრდა გვქონდა და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. მოგეხსენებათ, ლოგისტიკისთვის სტაბილურობაა აუცილებელი. ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა ჩვენი დერეფანია. ამასთან, თუ 5 წლის წლის პერიოდს შევადარებთ, ლოგისტიკის საკითხი უფრო გამარტივებულია. თვის ბოლოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას ვაპირებთ, სადაც ფოთის განვითარების პროექტზე ვიმსჯელებთ", - აღნიშნავს  ზვიად ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, 2025 წლის მეორე კვარტალში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.

კომპანიის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში 167 056 TEU კონტეინერი დამუშავდა,  2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 145 666 TEU, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში - 146 468 TEU. ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.

"კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“  წლის დასაწყისიდან დღემდე 175 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 158. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2020-2025წწ), წლის პირველ ნახევარში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წელს დაფიქსირდა (313 524 TEU), ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.

წყარო: bp.ge