საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით.

უახლესი შეფასება 6 თებერვალს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკა დაბალი ინფლაციის პარალელურად ეკონომიკის მაღალ ზრდას აგრძელებს. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ზოგადი მთავრობის დეფიციტი ზომიერი დარჩება და 2026-2029 წლებში მშპ-ს საშუალოდ დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს. ასევე აღნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის რეზერვები 2019 წლიდან თითქმის გაორმაგდა, რაც ასახავს მიგრაციის, კაპიტალის შემოდინებისა და სატრანზიტო ვაჭრობის ზრდას, ზრდის სტიმულირებას და ფისკალური და საგარეო შედეგების გაძლიერებას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკა კვლავ პოლარიზებულია და აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები მთელი რიგი ფაქტორების გამო რთულდება, რამაც, შესაძლოა, პოტენციურად რეიტინგის გაუარესება განაპირობოს, თუ პოლიტიკური დაძაბულობა იმდენად გამწვავდება, ინვესტორების ნდობა შეირყევა და საქართველოს ზრდის პერსპექტივა შესუსტდება.

აქვე განმარტებულია, რომ რეიტინგზე ზეწოლას მოახდენს ისიც, თუ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაფიქსირებული კაპიტალისა და მიგრაციის დიდი შემოდინება შეიცვლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

აქვე ისიცაა ხაზგასმული, რომ რეიტინგი ასევე შეიძლება ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ საჯარო ფინანსები ან გარე ბუფერები გაუარესდება, ან თუ შეღავათიანი დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდება, ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობის ან მმართველობითი პრობლემების შედეგად.

სააგენტომ საქართველოს შეფასება შესაძლოა გააუმჯობესოს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება, რასაც მხარს დაუჭერს ვალუტის რეზერვების დაგროვების გაგრძელება, ან თუ ფისკალური შედეგები გადააჭარბებს მოლოდინს.