წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს $1.6 მილიარდი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 24%-ით ნაკლებია.

საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემცირების შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომიკის დოქტორმა, ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოური ინვესტიციების 24%-იანი კლება, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის პრობლემაზე მიანიშნებს.

„უცხოური ინვესტიციების 24%-იანი კლება ნამდვილად არ არის პოზიტიური მაჩვენებელი. არსებული რიცხვები და მაჩვენებლები ცხადყოფს, რეალურად რა ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია და რა საინვესტიციო გარემოა ქვეყანაში. უცხოური ინვესტიციების 24%-იანი კლება, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის პრობლემის მაჩვენებელია“.

როგორც ირაკლი მაკალათიამ აღნიშნა, ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტში განხორციელდება, მნიშვნელოვანწილად, გავლენას ახდენს მთლიანი ინვესტიციების პროცენტულ ზრდაზე.

„ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტში განხორციელდება, მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს მთლიანი ინვესტიციების პროცენტულ ზრდაზე.

ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანი. წლების წინ, ინვესტიციების მოზიდვის მაღალი მაჩვენებლით აზერბაიჯანი იყო მოწინავე პოზიციაზე, თუმცა როცა მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულდა, ინვესტიციების პირდაპირ მკვეთრი შემცირება მივიღეთ.

ჩვენს შემთხვევაში, გასულ წელსაც დაახლოებით მსგავსი ტენდენცია გვქონდა. ინფრასტრუქტურულ პროექტში განხორციელებული ინვესტიციები იყო წყალმომარაგების მიმართულებით. ერთი ინვესტიცია შემოვიდა, ერთი მიმართულებით. ამან გამოიწვია ინვესტიციების ზრდა, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ, ინვესტიციების შემცირება მივიღეთ“.

ეკონომისტის თქმით, ის ფაქტი, რომ რეინვესტიციების ზრდა გვაქვს,  სულაც არ მეტყველებს ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე. რეინვესტირების წილის ზრდა განპირობებულია  გადასახადებისგან გათავისუფლებით, ამ ყოველივემ კი აქციზის  გადასახადების ზრდა გამოიწვია.

„რაც შეეხება რეინვესტირებას, (ანუ, ძველი ინვესტორები, რომლებიც აქამდეც იყვნენ საქართველოში შემოსულები, როდესაც მათ ნახეს მოგება, არ გაიტანეს ქვეყნის გარეთ და ჩააბრუნეს ისევ წარმოებაში) 2022 წელს რეინვესტირებას ჰქონდა 65%-იანი წილი მთლიანი ინვესტიციებში. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციები, ახალი კომპანიები რეალურად არ შემოდიან. ან თუ შემოდიან,  ინფრასტრუქტურულ და საბანკო მიმართულებით. დანარჩენი, ადგილობრივი რეინვესტირების სახით გვაქვს ინვესტიციების ზრდა და ეს ფაქტი ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე ნამდვილად არ მეტყველებს.

რეინვესტირების წილის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ისინი გადასახადებისგან თავისუფლდებიან (ეს კანონი 2017 წელს მიიღეს). ესეც განსახილველი საკითხია. ცხადია, რეინვესტირების გათავისუფლება გადასახადებისგან დადებითია. კომპანიას უქმნის გარემოს, რომ მეტი რეინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ არის მეორე მხარეც.

რეინვესტირების შედეგად ბიუჯეტში თანხა რომ დაგვაკლდება, მთავრობამ გადაწყვიტა ეს აქციზის გადასახადის გაზრდით შეევსო. ანუ, გამოთავისუფლებული თანხებით შექმნილი დისბალანსის შევსება, გადაწყვიტეს აქციზის გადასახადის გაზრდით.

კარგია, რომ რეინვესტირება გათავისუფლდა გადასახადებისგან, მაგრამ ეს ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს  დაგვაწვა საგადასახადო ტვირთად, ჩვენ მოგვიწია ამის გადახდა. 

2017 წლიდან, პერიოდულად იზრდება აქციზის გადასახადი. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ამის მთავარი მიზანი იყო არა რეინვესტირების გადასახადებისგან გათავისუფლება, არამედ აქციზის  გადასახადების ზრდის გამართლება“.

მან ასევე ინვესტიციების შემოსვლისას მდგრადობის ნაწილში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

„რა ეკონომიკაც გვაქვს, რეალურად იმ მოცულობის ინვესტიციები გვაქვს. საბანკო სექტორს თუ არ ჩავთვლით, ინვესტიციები თუ შემოდის უცხოეთიდან, ძირითადად სახელმწიფო სექტორის მიერ მოზიდული ინვესტიციებია. ვხედავთ კიდევაც, რა მოცულობის ინვესტიციებს იზიდავს. ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიდის. ცხადია, ინფრასტრუქტურული მიმართულებით ინვესტიციები კარგია,  თუმცა რეალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციებია მნიშვნელოვანი, რომელიც შემდეგ ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

რეალურად, დღეს სახელმწიფო სექტორია ინვესტიციების განმკარგავი.  მთავარი, მსხვილი ინვესტორი როდესაც შემოდის, მთავარი მომლაპარაკებელი აქ არის მთავრობა (ანუ, პოლიტიკოსები). როდესაც პოლიტიკოსები არიან ინვესტორების მოზიდვასთან კავშირში, აქ უფრო პოლიტიკური ინტერესები იჩენს თავს და არა ეკონომიკური. ამის მაგალითია ანაკლიის პორტი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეეწირა ეს პროექტი. დროებით, მაგრამ ეს სურათი მივიღეთ.

რეალურად, ბიზნესი და კერძო სექტორი არ არის განვითარებული იმ კონდიციამდე, რომ თვითონ ამ კერძო სექტორმა მოიზიდოს ინვესტორები. როცა კერძო სექტორი იზიდავს ინვესტორს, მათ შორის პირდაპირ ფინანსურ მოგებაზე გადის მოლაპარაკება და უღირს თუ არა მას ამ ინვესტორის შემოსვლა, ეს უკვე კერძო სექტორის გადასაწყვეტი იქნება. წარიმართება ჯანსაღი ეკონომიკური პროცესები.

შესაბამისად, როცა კერძო სექტორი არ არის განვითარებული, ის ვეღარ იზიდავს ინვესტიციებს“.