საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და განაგრძოს ოპერირება, მათ შორის, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში.
კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურამ უპასუხოს გაზრდილ მგზავრთნაკადს და ახალი ავიაკომპანიების საჭიროებებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოში მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასა და მგზავრთნაკადის ზრდას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, შესაბამისად - ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს ძალისხმევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ჩინეთიდან მგზავრთნაკადის ზრდას და საქართველოს ბაზრით ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.