Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 10%-იანი ტარიფის გავლენა ეკონომიკაზე მინიმალური იქნება, რადგან ქვეყანას აშშ-ში სულ 141 მლნ დოლარის მოცულობის ექსპორტი აქვს.

რაც შეეხება არაპირდაპირ გავლენას, როგორც ქავთარაძე ამბობს თუ არსებული საიმპორტო გადასახადები ისე დარჩა, რა ფომითაც დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, ამას გავლენა მთელ მსოფლიოზე ექნება, მათ შორის სავარაუდოდ, საქართველოზეც - ამის შესახებ ეკონომისტმა BMGtv-ის ადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა.

"უნდა დავაკვირდეთ რა მოცულობის ექსპორტი გვაქვს აშშ-ში. 2021-2022 წლების შემდეგ ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. მაგალითად თუ ამ პერიოდში ჯამური ექსპორტის 4.7% იყო შარშან 2.1%-მდე შემცირდა და 141 მლნ დოლარი შეადგინა.

თუ კომპონენტების მიხედვით შევხედავთ ძირითადი ფეროშენადნობების ექსპორტი იყო, დაახლოებით 90 მლნ დოლარი. ესეც შემცირებულია, რადგან 2022 წელს 265 მლნ დოლარი იყო, ანუ ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ მათი საექსპორტო ბაზარი ბევრად დივერსიფიცირებულია, დიდი ნაწილი თურქეთში გადის, ასევე ევროკავშირში. როცა ფასი მაღალი იყო აშშ-ში გადიოდა უფრო დიდი ნაწილი, ფასის კლების შემდეგ სხვადასხვა ბაზრებზე გადანაწილდა. თან საუბარია იმაზე, რომ ფეროშენადნობებს შესაძლოა საერთოდ არ შეეხოთ ეს სატარიფო რეჟიმი. თუ შეეხება ეს 10%-იანი ტარიფი კონკურენტებთან შედარებით მაინც კონკურენტუნარიანი დარჩება, რადგან სხვას რომ მაგალითად 30%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული მათთან შედარებით ბაზარზე გაქვს უპირატესობა. ამასთან თუ ნახავ რომ მოთხოვნაა შემცირებული სხვა ბაზრებია და ადვილად შეიძლება სხვაგან გადანაცვლება. ამიტომ დიდი უარყოფითი გავლენა ამ კუთხით შეიძლება არ იყოს. პირდაპირი ეფექტი ამ მსხვილ კატეგორიაზე მინიმალურია", - ამბობს ქავთარაძე.

მისივე თქმით, ღვინის შემთხვევაში, რომელიც აშშ-ში კიდევ ერთი საექსპორტო საქონელია, ქართული ღვინო მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ტარიფით დაიბეგრება, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ღვინის ნაწილშიც ტარიფებს დიდი გავლენა არ ექნება.

"ჯამურად 140 მლნ [აშშ-ში 2024 წელს ექსპორტის მოცულობა] მცირე თანხაა და მისი გავლენა ეკონომიკაზე მინიმალურია. ძალიან მნიშვნელოვანია არაპირდაპირი ეფექტების დანახვა, თუმცა ძალიან რთულია ამის შეფასება, რადგან საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული როგორი სატარიფო პოლიტიკა ექნება აშშ-ის სხვადასხვა ქვეყანასთან. თუ ახლანდელი მოცემულობა დარჩება და დიდხანს იქნება ეს ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდება, რადგან მსოფლიოში ვაჭრობა შემცირდება. ამის გავლენა შესაძლოა ჩვენთანაც იყოს სავალუტო შემოდინების სახით", - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

bm.ge