აპრილში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა. 2025 წლის 4 თვის საშუალო ზრდა კი 8.8%-ს გაუტოლდა. რა განაპირობებს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას? კითხვით ,,კომერსანტმა“ ეკონომისტ ნიკა შენგელიას მიმართა. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა დღეს უცხოეთიდან შემოსულ ფულზე დგას. მათ შორის არის ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები და საქართველოში შემოსული მიგრანტების მიერ დახარჯული ფული. ნიკა შენგელია განმარტავს, რომ ზრდის მაჩვენებელი რეალობას არ ასახავს, რადგან ქვეყანაში ეკონომიკა სამუშაო ადგილებსა და ფულს თავად არ ქმნის.
,,სტატისტიკური მონაცემები არასდროს არ ასახავდა რეალობას. რეალურად ქვეყანაში ეკონომიკა დგას შემოსულ თანხაზე, რაც შემოდის ტრანზაქციებით ჩვენი ემიგრანტებიდან, რაც შემოაქვთ აქ გადმოსახლებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ. წელიწადში დაახლოებით შემოდის 15-20 მილიარდი ლარი. ეს ადგილზე წარმოქმნილი ფული არ არის. შესაბამისად, ეკონომიკას არ გაუკეთებია ეს ფული. არ გაუკეთებია ის, რომ ხალხი დასაქმებულიყო. ადგილზე გაჩენილი ფული არ არის. რა თქმა უნდა, ციფრებში აისახება შემოსული უცხოური ვალუტა. შემოვიდა, დახურდავდა ლარში. შესაბამისად მოთხოვნა გაიზარდა ლარზე. დოლარი ისედაც დასუსტებულია. კურსი გამყარებულია და მას მხოლოდ ეს გარემოება ამყარებს. სხვა არაფერი. გამომდინარე იქიდან, თუ რამე იყიდება მაღაზიაში და ეს ყველაფერი აისახება სტატისტიკაში და ციფრები მაღალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან მთლიანი შიდა პროდუქტი იმატებს და ეკონომიკა იზრდება მოსახლეობა კეთილდღეობაშია და ყველა დალხინებულია. მოსახლეობის 60-70% არის სავალალო მდგომარეობაში. გაზრდილია ემიგრაცია. გვაქვს მაღალი ფასები. თუნდაც ადგილობრივი პროდუქტი შემოსულზე მაღალი ფასი ღირს. ფასები იმაზე მეტია ვიდრე ევროპაშია. პირდაპირ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სტატისტიკური მონაცემები, რასაც მთავრობა აქვეყნებს რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება და არ ასახავს რეალურ ცხოვრებას“- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სექტორების მიერ გამომუშავებული თანხების მიხედვით უნდა დაანგარიშდეს. ნიკა შენგელიას მაგალითისთვის ბინების გაყიდვა მოჰყავს. აცხადებს, რომ ბინების უდიდეს ნაწილს უცხოეთის მოქალაქეები ყიდულობენ, რომლებმაც ფული საზღვარგარეთიდან შემოიტანეს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი კი საცხოვრებელ ფართს უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხით ყიდულობს. ნიკა შენგელია განმარტავს, რომ რეალურად ეკონომიკა არ იზრდება და ეს მოსახლეობის ცხოვრების დონესაც ეტყობა.
,,ეკონომიკური ზრდის დათვლა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რეალურად ჩვენმა ეკონომიკამ, რომელმა სექტორმა რა გამოიმუშავა. იგივე ბინათმშენებელი, რომელიც ბინას ყიდის და მყიდველი იხდის ფულს, ჯერ ერთი ბინებს ყიდულობენ უცხოეთის მოქალაქეები (ნახევარი უცხოეთის მოქალაქეა, მეტი თუ არა). მეორე თუ ვინმე ყიდულობს, ეს ფულიც შემოსული არის უცხოეთიდან ემიგრანტების მხრიდან. ასე არ არის რომ ეკონომიკა იზრდება და კარგად ვართ. ეს მოსახლეობასაც ეტყობა. რეგიონებში სავალალო მდგომარეობაშია ხალხი. ვისაც ახლობელი ან ნათესავი არ ჰყავს საზღვარგარეთ წასული ყველა ძალიან გაჭირვებულია და სიღარიბის ზღვარზეა მისული.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.