PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი პარლამენტის თანამშრომელ გიორგი ესაკიას განცხადებასა ეხმაურება რიგი შეზღუდვებს დაწესებს შესახებ.

ხიშტოვანის თქმით, ქვეყანას პოლიტიკური პრობლემა აქვს, რომლის ეკონომიკური პრობლემით გადაფარვაც ხდება.

„ესაკია გვთავაზობს, შევზღუდოთ გადახურდავება, შევზღუდოთ ქვეყნიდან გატანა, შევზღუდოთ გადარიცხვები, მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ასეთ ზომებს იღებ, ქვეყნის რეპუტაცია ნადგურდება.

მე მგონია, რომ უნდა ვისაუბროთ არა იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ასეთ პირობებში პრობლემა ეკონომიკურად და რა შეიძლება გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, არამედ როგორ მოვაგვაროთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ყველაფრის საფუძველია“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკა თავისი ღიაობით, კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონში სულდგმულობს და არის ოაზისი, სადაც ერთი მხრივ, ინვესტიციის განხორციელებაა შესაძლებელი და მეორე მხრივ, საინტერესოა საცხოვრებელი დანიშნულებითაც. თუმცა, თუ ქვეყანა ამ სტაბილურობას დაკარგავს, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების დასასრული.

შეგახსენებთ, პარლამენტის თანამშრომელი, გიორგი ესაკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების და მიმდინარე მოვლენების ფონზე ფინანსურ სტაბილურობას რომ საფრთხე არ შეექმნას, რიგი შეზღუდვების დაწესებაა აუცილებელი.

"ეს არის ჩემი კერძო მოსაზრება, რომ არ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა პანდემიის და რუსეთის მიერ უკრაინის აგრესიის პირველ დღეებში, როდესაც სავალუტო ჯიხურებიდან და კომერციული ბანკებიდან უცხოეთის მოქალაქეების მიერ მასიურად ხდებოდა უცხოური ვალუტის გამოტანა", - ამბობს გიორგი ესაკია.

ამ საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, 90 ათიანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი მიღწევა არის კაპიტალის კონტროლის არ არსებობა, ანუ ნებისმიერი თანხის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვა, გადახურდავება, გამოტანა ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.

"რასაც პოსტში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თანამშრომელი წერს არის კაპიტალის კონტროლის დაწესება, საბანკო სისტემის ბელორუსიზაციის პირველი ნაბიჯი.

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს რაიმე მყისიერი საფრთხე. საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ვპასუხობ, რომ მათ დანაზოგებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან სისტემა საკმარისად მდგრადი და ლიკვიდურია.  ბანკებო, გააკეთეთ განცხადება რომ არ აპირებთ არანაირი კაპიტალის კონტროლის დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადების დაწყება შეზღუდვების დასაწესებლად.აქვე დავამატებ რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება უცხოური ვალუტის ოპერაციებზე გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება და გამოიწვევს უკონტროლო პროცესების ჯაჭვს.და ბოლოს საბანკო სექტორის გამაფრთხილებელი ერთდღიანი გაფიცვა იქნებოდა ძლიერი სიგნალი, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის და პროტესტს აზრი აქვს" - წერს ქადაგიძე სოც.ქსელში.

წყარო: bm.ge