2023 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 37.0 პროცენტით შემცირდა და 830.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

ქართველები ყველაზე მეტს (40%) საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე (27.7%) ხარჯავენ.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (38.1 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 5.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 98.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.