„ვფიქრობ, რომ წელს ხილ-ბოსტნეულის მოსავლის 15-20%-იანი ზრდა უნდა იყოს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად რუსეთი რჩება და ქართული ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო წილის 90%-ი რუსეთის ბაზარზე მოდის.

„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შარშან შედარებით უმოსავლო წელიწადი იყო, რაც ბოსტნეულის ფასებზე და მოსავლის მოცულობაზე აისახა. ჯერ წვიმები იყო, მერე გვალვა, სეტყვა და ა.შ. ამან ჩვენი პროდუქციის დაზიანება გამოიწვია და ხარისხობრივად და რაოდენობრივად ვერ მიეწოდა საკმარისი პროდუქცია ვერც შიდა ბაზარს და საექსპორტო მოცულობებიც შეზღუდული იყო. რაც შეეხება წლევანდელ წელიწადს, მოლოდინები კარგია, რადგან ჯერჯერობით ამინდი კარგია, საგაზაფხულო ყინვები არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წელს მოსავლიანობის გარკვეული ზრდა იქნება. ფასები შარშან მაღალი იყო და როცა ფერმერები უყურებენ, რომ ფასი არის მაღალი, მეტი მოსავლის მოყვანის სტიმული უჩნდებათ და ვფიქრობ, რომ 15-20%-იან ზრდა უნდა იყოს“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს, „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ბაზარს, შედარებით რთული სპეციფიკა აქვთ, რუსული ბაზარი უფრო „ელასტიურია“, ვიდრე ევროკავშირის და ბოსტნეულის პატარა მოცულობებსაც ითვისებს.

„პრობლემა არის პროდუქციის ხარისხი და ფასი. დანარჩენი - ბაზრებთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის. სერტიფიცირებას რაც შეეხება, ჩვენი ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატით შესაძლებელია ბოსტნეულის ევროპის ქვეყნებში გატანა. ამის პრაქტიკა გვაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ თვითონ პროდუქციის რაოდენობა, მოცულობა უნდა იყოს შესაბამისი, ხარისხი და ფასი. ეს 3 კომპონენტია ხელის შემშლელი. თუ არ არის პროდუქციის რაოდენობა, შესაბამისად ვერც გაუკეთებ კონტრაქტს, ვერც გაუკეთებ კონსოლიდაციას. ბოსტნეულის მცირე რაოდენობები რაც არის, უფრო რუსეთისკენ გადის. იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო „ელასტიურია“ და შედარებით პატარა მოცულობებსაც ითვისებს. თან არც ხარისხზე და ფასზე მაინც და მაინც პრეტენზია არ აქვთ. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, შედარებით რთული სპეციფიკა აქვთ. მათ მეტი სტაბილურობა, მეტი რაოდენობა და მაღალი ხარისხი სჭირდებათ შესაბამის სტაბილურ ფასად და ჩვენთან ეს სტაბილური ფასი არ არის. ჯერ თავიდან ფასი ძალიან მაღალია, მერე ჩამოვარდება ხოლმე და ეს რყევები ევროპული ბაზრისთვის მიუღებელი. რუსული ბაზრისთვის პირიქით - შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში 3-4-ჯერ შეიცვალოს ერთი და იგივე პროდუქციაზე ფასი. ამიტომ, ქართული ბოსტნეულის მთავარი ექსპორტიორი რუსეთია. ჩვენი საექსპორტო წილის 90%-ი რუსეთის ბაზარზე მოდის,“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.