კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მიხეილ კუკავას პროგნოზით, ქვეყანაში შექმნილის პოლიტიკური კრიზისი „როგორც უცხოურ, ისე შიდა ინვესტიციებს "დაარტყამს“.
„ეკონომიკაში ვხედავ რისკებს, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია - კრიზისი როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს დაარტყამს, ასევე - შიდა ინვესტიციებს. ბიზნესში განწყობა მკაფიოდ პესიმისტურია შიდა ინვესტიციების მიმართულებითაც. ძალიან კარგი კანონი, რომელიც სხვათა შორის "ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის წინ მიიღო - ვგულისხმობ ე.წ. ესტონურ მოდელს, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში, ინვესტორს მოგების გადასახადისგან თავისუფლებას, ვერაფერს უშველის... არის ძალიან დიდი და აშკარა საფრთხე, რომ წელს ეკონომიკის 6%-იანი ზრდა ვერ გვექნება; უკეთეს შემთხვევაში პესიმისტური სცენარი 3.2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს. გააჩნია ქვეყანაში მოვლენები როგორ განვითარდება“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
მიხეილ კუკავა ფიქრობს, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი უნდა შეემცირებინა, თუმცა მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში, „ბურთი ძირითადად, მთავრობის მოედანზეა“.
„ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ძალიან შეზღუდულია. მას შეუძლია, შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - თქვას, რომ არა უშავს, ცოტა ხანი ავიტანოთ ფასები, რაც არის ჩვენი ძირითადი მისია და განაკვეთი 7%-მდე შევამციროთ, რაც ნეიტრალური მაჩვენებელია, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპს მინიმუმ არ შეზღუდავს. მიმაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს პოლიტიკა უნდა შეერბილებინა. მეტი გაბედულება უნდა გამოეჩინათ. ჩვენ გვექნება მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია ამ წლის გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ეს სითამამე უნდა გამოეჩინათ“, - აღნიშნა მან.
კომპანია "სტემსქეილის" მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა „წერტილთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ჯერ კიდევ არაა გვიანი, „ქართულმა ოცნებამ“ დაშვებული შეცდომები აღიაროს და ქვეყანა ევროკავშირის გზაზე დააბრუნოს.
„ჯერ კიდევ არაა გვიანი, დავინახოთ გზა და გვირაბი ბოლოს სინათლე. ევროკავშირმა გამოიჩინა ძალიან დიდი სულგრძელობა, როცა ჩვენ გადავუხვიეთ გზიდან, მაგრამ 2023 წელს მაინც მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი; ჩვენ გადავუხვიეთ გზიდან არა მხოლოდ [რუსული კანონის] მიღების მცდელობით 2023 წელს, არამედ სხვა არაერთი ნაბიჯით, მაგრამ მაინც მოგვცეს შანსი და ახლა კიდევ რეპერესიულ კანონებს იღებენ“, - აღნიშნა მან.
„წერტილში“ მიხეილ კუკავამ, საკუთარ მაგალითზე, პოლიტიკური კრიზისის გამო, მოქალაქეების განწყობაზეც ისაუბრა, რაც ადამიანების პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.
„ასეთი არაპროდუქტიული როდის ვიყავი, არ მახსოვს.... თითქოს დაპატარავებული ვართ ყველა. ჩემ გარშემო არაერთი ადამიანია პარალიზებული“, - ამბობს კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, რომელიც „ოცნების“ ქმედებების გამო წუხს.
„არაერთ ადამიანს ვიცნობ „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში... რა დაემართათ ამ ადამიანებს?!“ - ამბობს მიხეილ კუკავა.