„ახალი ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ისეთ მიმართულებებზე აქცენტი, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესშია, სადაც კონკრეტული შედეგები შეიძლება იყოს მიღწეული და ჩვენთვის ეს გასაგები რაციონალური მიდგომაა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიადვილდება საუბარი კოლეგებთან, რადგან ჩვენ პოზიტიურ დღის წესრიგზე ვსაუბრობთ, სადაც თანამშრომლობა იქნება ურთიერთხელსაყრელი,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომლის დროსაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა,  საქართველოსთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სავაჭრო ურთიერთობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საქართველოსა და ამერიკას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება და დღეს ის 2,2 მლრდ დოლარს შეადგენს. პირველი 2 თვის მონაცემებით, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა  თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა რამდენიმე მსხვილი ამერიკული პროდუქტისთვის. საქართველო არის სავაჭრო ჰაბი, საიდანაც ეს პროდუქცია ნაწილდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე შუა აზიისა და ფართო რეგიონის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, პერსპექტივაში საქართველო ამერიკისთვის არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ პროდუქციას ექნება უფრო დიდ ბაზრებზე ეფექტიანი წვდომის საშუალება. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი კომერციის დეპარტამენტში და გაგრძელდება ჩვენ კოლეგებთან ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამერიკის სამომხმარებლო ბაზარი საინტერესოა საქართველოსთვის. მისი თქმით, ეს არის მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე დიდი ბაზარი და გარკვეული პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, შეიძლება ასევე საინტერესო იყოს ამერიკაში ექსპორტის თვალსაზრისით.

ლევან დავითაშვილმა ასევე  ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში საწყობდება. „ამით ჩვენთან იქმნება დამატებითი ღირებულება და საქართველოდან ხდება ამ პროდუქციის რეექსპორტი და ამდენად, საქართველოს ეკონომიკისთვის ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესები თანხვედრაშია,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს