ოპტიმიზაციის უპირველესი მოტივაცია ისაა, რომ “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს რესურსი, სახელმწიფო საწარმოები და მისი ყოფილი მაღალჩინოსნები არჩინოს - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.
გიორგი ხიშტოვანმა BMG-სთან ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.
ეკონომისტის შეფასებითვე, მთავრობის მიერ სახელმწიფო საწარმოებში დაწყებული თანხების ოპტიმიზაციის პროცესი უფრო მეტად პოპულისტურია, ვიდრე რეალური რეფორმა.
“ძალიან ბევრი სახელმწიფო საწარმო ან გასაყიდია ან დასახური, განსაკუთრებით წაგებიანი კომპანიები. სახელმწიფო საწარმოები, განსაკუთრებით მათი ზედა მენეჯმენტის რგოლი და საბჭოები “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების საპენსიო პოზიციებად იქცა. წლებია უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ მსხვილი სტრუქტურული სისტემური რეფორმა გაატაროს სახელმწიფო საწარმოებში. კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ეს ატარებს პოპულისტურ ხასიათს და არა სისტემურს. საუბარი იყო კორპორაციული მმართველობის რეფორმაზე სახელმწიფო საწარმოებში. დღეს კი ეს პოპულიზმამდეა დასული. სრული, სტრუქტურული რეფორმის გარეშე პრობლემა ისევ დარჩება. ისევ მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტს საბიუჯეტო ტრანსფერებით წაგებიანი კომპანიების რჩენა და ეს იქნება ირიბი გადასახადი გადასახადების გადამხდელებისთვის.
რაც შეეხება საკითხს, [რატომ დაიწყო საწარმოებში თანხების ოპტიმიზაცია], ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს შემოაკლდა ფინანსები. ვიცით, რომ სახელმწიფო საწარმოები, განსაკუთრებით წაგებიანები კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების გზით ფინანსდებოდა. შესაბამისად, მიღმა ამ პოპულიზმისა, ეს რეალურად ფულის დაზოგვის ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, უპირველესი მოტივაცია არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს რესურსი, არჩინოს სახელმწიფო საწარმოები, არჩინოს მისი ყოფილი მაღალჩინოსნები და ეს უპირველესად გამოწვეულია საჯარო ფინანსებში სერიოზული პრობლემებით. ეს ირიბად დაადასტურა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, როდესაც თქვა, რომ [ამ ეტაპზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, არ იგეგმება ბიუჯეტის გადახედვა], ანუ ხარჯების ზრდა. ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ხარჯების შეკვეცა იგეგმება და ამის გაყიდვა სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციად”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ჯამურად თანხა დაიზოგა საკადრო ოპტიმიზაციიდან, შესყიდვებიდან და ადმინისტრაციული ხარჯებიდან.