ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძესთან ერთად, პარლამენტარებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ინვესტორებმა და სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად. 

„ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსის შესახებ, რომელთანაც, ჯამში, 10 წლიანი საგადასახადო შეღავათია დაკავშირებული. ეს ნორმა დღეს უკვე მოქმედებს. ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტატუსი და სხვა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი, რომლებიც სრულად მოემსახურებიან სტარტაპ-ეკოსისტემას და იზრუნებენ სტარტაპების განვითარებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომის მიმართულებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 საკომიტეტო მოსმენაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  "დღეისათვის ფონდმა უკვე უზრუნველყო 59 სტარტაპის დაფინანსება, საერთო 5.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მსგავსი სტრატეგიული ფინანსური მექანიზმები არა მხოლოდ კაპიტალს აწვდიან, არამედ უშუალოდ გარდაქმნიან ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების ახალი თაობის შექმნაში. დღევანდელი სტრატეგიული მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა და ქართული ვენჩურული ეკოსისტემის გაფართოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ცენტრი იქნება და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებსა და სხვ.საკომიტეტო სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა უწყების საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის. სხდომაზე საკუთარი პროექტების შესახებ პრეზენტაციები სტარტაპების წარმომადგენლებმა გააკეთეს.