საჩხერის ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგური „იმერეთი 1“ აშენდება. პროექტი მოიწონა საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც bm.ge-ის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „უსასრულო ენერგიის“ თავმჯდომარემ, თორნიკე ბახტურიძემ განუცხადა, მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის ვადაში დაიწყება.

„სამშენებლო ეტაპის განხორციელების მემორანდუმი გაფორმდა, შესაბამისად, დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტი საჩხერის ტერიტორიაზე განხორციელდება და სამშენებლო სამუშაოები ალბათ ერთ წელიწადში დაიწყება“, - განაცხადა ბახტურიძემ.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ცნობად უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია ქარის ელექტროსადგურს პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირების თაობაზე. აქედან გამომდინარე დასმულ კითხვაზე, პროექტში ხომ არ იქნება მთავრობის თანამონაწილეობა, ბახტურიძე პასუხობს: „ეს სრულად კერძო პროექტი და კერძო ინვესტიციაა. საუბარია დაახლოებით 140-150 მლნ დოლარზე. პროექტს „უსასრულო ენერგია“ განახორციელებს და მისი სიმძლავრე 100 მეგავატი იქნება. პროექტი ერთ წელში დაიწყება და დაწყებიდან 2.5 წელიწადში უნდა დასრულდეს“, - თქვა ბახტურიძემ.

წყარო: bm.ge