„რესტორნებში იგივე ხდება რაც ხდებოდა ერთი კვირის ან 10 დღის წინ. დაძაბული სიტუაციის გამო, ქართველ მომხმარებელს არ აქვს სურვილი, რომ რესტორანში იაროს,“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება უცხოელი სტუმრების ქცევას, მისი თქმით, ახლა ტურისტული სეზონი ისედაც ნაკლებად არის.
„რესტორნებში იგივე ხდება რაც ხდებოდა ერთი კვირის ან 10 დღის წინ. დაძაბული სიტუაციის გამო, ქართველ მომხმარებელს არ აქვს სურვილი, რომ რესტორანში იაროს. ტურისტების მხრივ კი იცით, რომ ახლა დიდად ტურისტული სეზონი არ არის.
პროცენტულად გამიჭირდება თქმა, რამდენად შემცირებულია მომხმარებლის ან ბრუნვის მოცულობა. იმიტომ, რომ, შესაძლოა, ჩემს ერთ რესტორანში სხვა ვითარება იყოს, მეორეში სხვა. საღამოს უნდა შეიაროთ მაგალითად, „ღვინის ქარხანაში“ და იქ ნახოთ, რა უბედურება ტრიალებს. მთავრობა არ შედის, იმიტომ რომ იმალებიან (მერე არ თქვან მთავრობა ქეიფობსო), ხალხს კიდევ არ აქვს ხალისი რესტორანში სიარულის“,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე 29 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი