ბიზნეს კონსულტანტის ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედეგები ეკონომიკასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ჯერ არ ასახულა. თუმცა მისი შეფასებით, ნეგატიურ გავლებას ქვეყანას 2025 წლიდან იგრძნობს. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საჭიროა განგაშის ატეხა, რადგან ახალი წლიდან შესაძლოა საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი ნაბიჯებით უკან სვლა დაიწყოს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციების მიუხედავად ძალიან პრაგმატულად (ექსპერტების როლიც ეს არის, რომ ძალიან პრაგმატულად) განვსაზღვროთ ნიშნულები. ამ წუთას, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს ასახული ჯერჯერობით არ არის მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ეკონომიკაზე. ჯერჯერობით ფიქსირდება ზრდა და 7,5%-ია ამ წლის განმავლობაში ზრდის შეფასება. ამ წუთას ჩვენ ამ ეფექტს ვერ ვგრძნობთ. თუნდაც ციფრებში გამოხატულს, მაგრამ მე რაზეც ვსაუბრობ არის ის, რომ წინ გველოდება ძალიან რთული პერიოდი. ამ ყველაფერს ჩვენ ვიგრძნობთ 2025 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად იმ ნეგატიურ ეფექტებს. ჩვენ არ უნდა ავყვეთ და არც ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ის ცდუნება, რომ რიტორიკა იყოს ისეთი, რომ ყველაფერი კარგად არის ხალხო, აი ფიცრებს ხომ ხედავთ. კი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკაში. მე არ ვემხრობი იმ ეკონომისტების მოსაზრებას, რომ ზრდა კი არის ციფრებშიო, მაგრამ მაინც ცუდად არის საქმე, ეკონომიკაში კლება არისო. ასე არ არის. ეკონომიკის საზომი არის მთლიანი შიდა პროდუქტი. თუ რამე უკეთესი საზომს მოიფიქრებს ვინმე კი ბატონო. მერე ამ დოვლათის გადანაწილება რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ეს სურათი გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია განგაშის ზარები შემოვკრათ, იმიტომ რომ 2025 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ნაბიჯებით შეიძლება წავიდეს ქვეყანა უკან.’’- განაცხადა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში ლევან კობერიძემ.
ბიზნეს კონსულტანტი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინვესტორების განწყობებს ასახელებს, რომელიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ. შედეგად, დიდი და მსხვილი ინვესტიციები სხვა ქვეყნებში გადადის.
,,ეს არის განწყობები, როცა ინვესტორები მნიშვნელოვან წილად „არეჯექტებენ“ საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყანას, მაშინ როდესაც დიდი საერთაშორისო პროექტები (მათ შორის იქნება ეს ინფრასტრუქტურული, იქნება ეს ეკონომიკის სხვა მდგენელები) გადადის სხვა ქვეყნებში. მაგალითისთვის, რომ ვთქვათ, ჩახვალთ აზერბაიჯანში, ბაქოდან არის პირდაპირი რეისები ნიუ იორკიდან დაწყებული ყველა მიმართულებით. დღეში რამდენიმე რეისიც კი არის ევროპის მიმართულებით. ჩვენთან ამისი კლება შეინიშნება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ისიც კი ვერ მოვახერხეთ, ამდენი ხანია, რომ თბილისიდან ამერიკაში პირდაპირი ფრენა იყოს. ეს თითქოს ნიუანსია, მაგრამ სომხეთი, რომელსაც უკვე დაახლოებით 2 მილიარდი გამოუყო ევროკავშირმა და ტენდენცია არის ძალიან მზარდი, მაშინ როდესაც საქართველოსთან ვხედავთ, რა განცხადებებიც კეთდება, არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული არჩევნების შედეგები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვგულისხმობ. მე არ ვგულისხმობ ვიღაცამ, ვენესუელამ თუ აღიარა. პატივს ვცემ ჩვენს მეზობლებს აზერბაიჯანსა და თურქეთს, მაგრამ ეს არ არის ის აღიარება რაც ჩვენ გვინდა. აქ კიდევ სხვა ფაქტორები მოქმედებს. იმისათვის, რომ განწყობები დაბრუნდეს. დინამიკა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფად ნეგატიური და უკან დაბრუნებაზე თუ ვსაუბრობთ, ანუ განწყობებზე ვსაუბრობთ. ეს ზრდა რომ არ შენელდეს, იმისათვის რომ 2025 წლის კეთილდღეობა რეალურად ხალხთან მივიდეს და გადანაწილდეს ეს დოვლათი და არა ის ოლიგოპოლიური ბაზარი, როდესაც ყველაფერი სახელმწიფო ტენდერებით და სხვა და სხვა მექანიზმებით არის ჩაკეტილი რეალურად.’’- განაცხადა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში ლევან კობერიძემ.
ბიზნეს კონსულტანტი მიიჩნევს, რომ კრიზისის დასაძლევად ქვეყანას შესაძლოა 2 წლიანი მიზანმიმართული და სტრატეგიულად შეთანხმებული მუშაობა დასჭირდეს. თუმცა ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ ამის წინაპირობას ვერ ხედავს, რადგან პოლიტიკურ წრეებში დღეს დიალოგის ნაკლებობაა. მისი განცხადებით, საქართველოში ყველა ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას ელოდება და ყველა სექტორში მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემებს მოაგვარებს. ლევან კობერიძე ასეთ შეხედულებას არასწორად აფასებს და ამბობს, რომ ტრამპი პირველ რიგში თავისი ქვეყნით დაინტერესდება. ბიზნეს კონსულტანტი აღნიშნავს, რომ მთავარია ჩვენ თავად განვსაზღვროთ რას ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით.
,,ჩვენ დაახლოებით, მე ვფიქრობ რომ წელიწადი, 2 წელი მაინც დაგვჭირდება ძალიან მიზანმიმართული, მკაფიო სტრატეგიით შეთანხმებული მუშაობა. ამის წინა პირობებს მე ვერ ვხედავ. არავინ არავის არ ელაპარაკება. ყველა ელოდება ტრამპი როდის შევა კაბინეტში. მთელი საქართველო, ვინც არ უნდა გააჩერო ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ყველა პოზიცია, ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა ტრამპი მოვა. ვერ გავიგე, ტრამპს თავისი ქვეყანა აინტერესებს. პირველ რიგში ამერიკა აინტერესებს და ასეც იქნება. მან დაამტკიცა წინაზე, როცა არჩეული იყო ამერიკის ეკონომიკა და ამერიკული ბიზნესი ყველაზე სწრაფად გაიზარდა. უმუშევრობა 3%-ზე ჩამოვიდა ამერიკაში. ფაქტობრივად მეორეჯერ მოხდა ასეთი რამ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ეს არის თემა. აი აქ გვაქვს პრობლემა.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.