2025 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 8.3%-ით გაიზარდა, თვის ჭრილში კი 1.6%-ით შემცირდა - ამის შესახებ კვლევას ISET აქვეყნებს.

მარტში ერთი ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ 6.93 ლარი ჯდებოდა. წლიურად ფასის ზრდა ძირითადად ყველის გაძვირებით იყო გამოწვეული.

„ხაჭაპურის ზოგიერთი ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფასების ზრდა დაფიქსირდა ყველის (+14.9%), კარაქის (+13.4%), საფუარისა (+2.1%) და რძის (+1.1%) შემთხვევაში. დარჩენილი ორი ინგრედიენტის, კვერცხის (-5.8%) და ფქვილის (-5.7%) ფასები კი შემცირდა.

მარტში ხაჭაპურის ინდექსმა თვიურ ჭრილში კლება განიცადა. აღნიშნული ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველისა (-2.5%) და რძის (-0.9%) ფასები, რომელიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კლება შეესაბამება ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ზრდას, რაც რძის პროდუქტების ფასების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო, რამაც შესაძლოა იმოქმედა ყველისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, რადგან მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში მცირდება.

რაც შეეხება ხაჭაპურის სხვა ინგრედიენტებს, უმეტესობაზე თვიური ფასების კლება დაფიქსირდა: ფქვილის (-0.8%), კვერცხისა (-0.8%) და საფუარის (-0.3%) ფასებმა მცირე დეფლაცია განიცადა. ერთადერთი გამონაკლისი იყო კარაქი (+3.4%), რომლის ფასიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.

შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.

ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები  ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი

https://commersant.ge/news/search?phrase=%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0