საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ.
მხარეებმა მიმოიხილეს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
ხაზი გაესვა თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კაპიტალის ბაზრების განვითარების, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის, ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს გააცნო ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი.
შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.