ლაგოდეხი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება, ბოლო წლებში სასტუმროს მშენებლობაზე 6 ნებართვა გაიცა, მათ შორის, მრავალნომრიანი სასტუმროს და კოტეჯების მშენებლობაზე, - ამის შესახებ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში, სასტუმროების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. 

"მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია როგორც მრავალნომრიანი სასტუმროები, ისე საოჯახო ტიპის სასტუმროები და კოტეჯები. მშენებლობის ნებართვებს მუნიციპალიტეტის მერია გასცემს და მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობაზე 2024-2025 წლებში 6 ნებართვაა გაცემული. 

შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სასტუმროების კუთხით სხვადასხვა სოფლის მოცვა ხდება და მხოლოდ ლაგოდეხი არ არის დატვირთული. მაგალითად, ამჟამად, განხილვის ეტაპზეა, კოტეჯების მშენებლობა ლაგოდეხისგან მოშორებით. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოცულობიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული მიმართულებით განვითარება კარგი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ობიექტი შეემატა მუნიციპალიტეტს", - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო არ არის და ამ ეტაპზე მათი მხრიდან ინტერესი არ გამოკვეთილა.

"მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბრენდის სასტუმროები ოპერირებენ, რომელთაც მაღალი სტანდარტის მომსახურება და სერვისი აქვთ. ვფიქრობ, რომ მომავალში საერთაშორისო ბრენდებიც დაინტერესდებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტით და ამ კუთხითაც განვვითარდებით", - აღნიშნა ლაგოდეხის მერმა.

ბიზნესპარტნიორი