სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (EPA) მოლაპარაკებები დასრულდა. აღინიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა შედგება შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ - ამის შესახებ ცნობილი "ოცნების" დანიშნული ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის, ჰიონდუ კიმის შეხვედრის შემდეგ გახდა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ 19 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი გაიხსნება, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობას დაეხმარება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები: "მათ შორის, ვაჭრობა, ინვესტიციები, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა და სხვ.".
BM.GE დაინტერესდა, როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 8 თვეში, კორეის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვამ 74.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით23%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან, იანვარ-აგვისტოში კორეის რესპუბლიკაში ექსპორტმა 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 72.3 მლნ აშშ დოლარი.
მიმდინარე წლის 9 თვეში კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 587.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე კორეიდან ფულადი გზავნილები სტაბილურ ტენდენციას ინარჩუნებდა, რის შემდეგაც ზრდა დააფიქსირა და 2024 წელს რეკორდულ 1 348 400 აშშ დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება FDI-ის, 2024 წელს კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში 2.3 აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. დაახლოებით იმდენივე, რამდენიც 2023-ში - 2 776 700 აშშ დოლარი.
საქსტატის თანახმად, 2015-2019 წლებში კორეიდან FDI წლიურად, $23-36 მილიონს აღწევდა, 2020 წელს კი $2.5 მილიონამდე შემცირდა და მას შემდეგ ეს ტენდენცია ნარჩუნდება.
გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ორ კვარტალში საქართველომ კორეის რესპუბლიკიდან 15 741 ვიზიტორი მიიღო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 14%-ია.
ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ EPA-ს ტექსტზე მუშაობა დასრულდა და დოკუმენტზე ხელმოწერა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება.