საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა(GCCA) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრის მომზადება.

კონფერენციის ფარგლებში მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ  ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმოს, რომლებიც მიმართული იქნება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე სააგენტოს საქმიანობაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც თბილისში წელს უკვე მესამედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.