უამინდობის გამო, სასაზღვრო პუნქტებიდან პროდუქციის იმპორტი შეფერხებულია. „ბიზნესპრესნიუსთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა, რომ ადგილზე ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შეზღუდულია.
მისი თქმით, გუშინ ესაუბრა იმპორტიორ კომპანიებს და იმ დროის მონაცემებით, საზღვარზე პროდუქცია კიდევ არ ჰქონდათ შემოტანილი.
„კომპანიებმა უამინდობის გამო, საზღვრიდან ვეღარ შემოიტანეს პროდუქცია. პროდუქტის იმპორტის კუთხით არამარტო სარფის, არამედ სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტიდან, სიტუაცია გართულებულია, მაგრამ იმ მარაგებიდან გამომდინარე, რაც აქვთ იმპორტიორებს საწყობებში, ეს ამ ეტაპისთვის პრობლემას არ ქმნის“, - ამბობს რიჟამაძე.
როგორც მანვე აღნიშნა, ძირითადი პროდუქციის იმპორტიორებს საწყობში აქვთ მარაგები და უამინდობის პერიოდში სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.
„რამდენიმე კომპანიას ვესაუბრე, ორი დღის წინ ვერ შემოიტანეს პროდუქცია, გუშინ დილით ვესაუბრე რამდენიმე მათგანს და ერთ-ერთს კიდევ არ ჰქონდა შემოტანილი. საზღვართან პრობლემაა, შეჩერებულია ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ეს ყოველივე არსებით პრობლემას არ ქმნის, საწყობებში არსებობს მარაგი, მარაგები საკმაოდ დიდია და ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფას ნამდვილად ეყოფა. რა თქმა უნდა, ძირითად იმპორტიორებზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
საზღვარზე გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ შემოსავლების სამსახურშიც. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, გამშვები პუნქტები 24 საათის განმავლობაში მუშაობს, თუმცა, უამინდობის გამო გზების დეპარტამენტის მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ავტომობილები შესაძლოა, საზღვრის კვეთას ვერ ახერხებდნენ.
„უამინდობის გამო ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თუ მანქანა ფიზიკურად ვერ მივიდა გამშვებ პუნქტამდე იმის გამო, რომ საფრთხე და ლიპყინულია, როგორ მოხდება საზღვრის კვეთა? ეს პრობლემა ყველა საზღვარზე არ არის, არის იქ, სადაც უამინდობის გამო შეზღუდვას აცხადებს გზების დეპარტამენტი.
ჩვენი გამშვები პუნქტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილმა იქ ფიზიკურად უსაფრთხოდ მისვლა შეძლოს - ჩვენ არანაირად არ ვაფერხებთ პროცესს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით მეშვიდე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან. ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებს.
უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას დასავლეთში. ამ დრომდე ვერ ხერხდება საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდა. მოქალაქეთა ნაწილი თოვლის მაღალი საფარის გამო, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეწურებათ საკვების მარაგი. სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ამ დრომდე არ არის დენი, გაზი და წყალი.
დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები დახმარების პროცესში ჩაერთნენ მოხალისეები. ადგილზე მუშაობს თავდაცვის ძალები და 600-მდე მეხანძრე-მაშველი.
წყარო: www.bpn.ge