მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა ისევ მოიმატა. მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომია. ოფიციალურ კიევს რუსეთის შიდა ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების წარმოების უფლება მიეცა, რის გამოც შავ ზღვაზე გემებით გადაზიდვებზე შეფერხდა. ლოგისტიკური პრობლემების გამო ერთი ტონა მარცვლეული 3-4 დოლარით გაძვირდა.
,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს მატება დრამატული არ არის.
,,ფასის მატება განაპირობა იმან, რომ უკრაინას მისცეს უფლება რუსეთს დაარტყას, რუსეთის შიგნით, რამაც შავ ზღვაზე შეაფერხა გემების მოძრაობა. მათ შორის შეფერხება მოხდა შავი ზღვის პორტებში. შესაბამისად, გაძვირდა ლოგისტიკა და წინაპირობაა, რომ პრობლემა შეექმნება გადაზიდვებს. ეს იწვევს ფასების მატებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი და უკრაინა არიან ერთ-ერთი დიდი მიმწოდებლები მსოფლიო ბაზარზე, თავის თავად ცხადია, ფასების მატების მოლოდინი არის. ამწუთას დრამატული არ არის, თუმცა ეს ფაქტორი მუშაობს.’’- აცხადებს ლევან სილაგავა.
,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ საქართველოში ხორბალზე ფასის მატება მოკლე პერიოდში მოსალოდნელი არ არის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ქვეყანაში მარცვლეული საავტომობილო გზით შემოდის და შავ ზღვაზე შეფერხება პრობლემას ამ ეტაპზე ვერ შექმნის. გარდა ამისა, ქვეყანამ მარაგები უკვე შეისყიდა, რითაც ადგილობრივი ბაზარი მარაგდება. კიდევ ერთი მიზეზი ახალი წლის მოახლოებაა. წინასაშობაო და საშობაო პერიოდში ეკონომიკური აქტიურობა დაახლოებით ერთი თვე პაუზდება.
,,ჩვენზე ჯერჯერობით დიდი ასახვა არ არის, რადგან ჩვენ სამანქანო გზებით შემოგვაქვს ხორბალი. შავიზღვისპირეთი დღევანდელი პირობებით ჩვენთან კავშირში არ არის. თუმცა გარკვეულწილად, რადგან გლობალური ბაზრების წევრები ვართ, შესაძლებელია გარკვეული ცვლილება ფასებში მოხდეს, მაგრამ დრამატულს არ ველოდებით. მით უმეტეს, ჩვენ ვმუშაობთ მარაგებით. ახალი წლის წინა პერიოდში ფაქტობრივად პაუზა იქნება ეკონომიკურ აქტიურობაში. არამარტო ხორბლის შემოტანაში. საახალწლოდ პაუზა არის ხოლმე დაახლოებით 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. შესაბამისად, მარაგები უკვე შემოტანილი გვაქვს და ამწუთას დიდი გამოწვევა არ გვაქვს.’’- აცხადებს ლევან სილაგავა.
,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებული ფასის მატება დრამატული არ არის, თუმცა თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა ხორბლის ფასმა ახალი წლის დღეების შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატოს.
,,ტონაზე ფასმა 3-4 დოლარით მატება დრამატული არ არის. ამ დროს ფასების მატების ტენდენცია თუ ჩამოყალიბდა შეიძლება აისახოს ბირჟებზე. ახლა მიმდინარეობს ფასის მიერ წონასწორობის წერტილის მოძებნა. პროცესი ტრენდად არ ჩამოყალიბებულა ჯერ. თუ გაგრძელდა ეს ქმედებები, შეიძლება მერე ტრენდად ჩამოყალიბდეს. ფასს დასადგენად სავარაუდოდ 2 კვირა დასჭირდება. მაგრამ, რადგან 2 კვირაში იქნება დეკემბრის შუა რიცხვები, აქ უწევს ეკონომიკურ აქტივობაში პაუზა და შესაბამისად, დიდი დრამატული ცვლილებები არ იქნება. ცვლილებები შეიძლება იყოს ახალი წლის შემდეგ. აქ შეიძლება სერიოზული ძვრები იყოს.’’- განმარტავს ლევან სილაგავა.
შავ ზღვაში გემების გადაადგილების შეფერხებამდე მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ფასი დაეცა, რაც უხვმა მოსავალმა განაპირობა.