„ძალიან ბევრ პროდუქტზე გაიზარდა ფასი და მხოლოდ ხორბლის ფასი წამოვიდა ქვევით, რაც დარგისთვის კარგი არ არის“, - ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასის შემცირება გამოწვეულია მზარდი იმპორტით რუსეთიდან, რომელსაც ხორბლის ექსპორტზე, პრაქტიკულად, ნულოვანი გადასახადი აქვს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 115 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის იმპორტში ყველაზე დიდი წილი - 79% სწორედ რუსეთს უკავია. კერძოდ, ამ ბაზრიდან წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 91.2 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 360 400 ტონა ხორბალი.

„ხორბალი არის დეფიციტური პროდუქცია და გვინდა, რომ ქვეყანაში გაიზარდოს წარმოება და ამის რეალური პოტენციალი გვაქვს კიდეც. მოთხოვნა-მიწოდებას რაც შეეხება, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო მოსავლის აღება და 70 თეთრის ფარგლებში იყო 1 კგ-ის ფასი. ამის შემდეგ ფასმა არ მოიმატა, პირიქით, ბოლო თვეებში კლებისკენ წამოვიდა, არც მოთხოვნაა დიდი. ეს არის გამოწვეული იმპორტით, ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შემოდის და იქ მოსაკრებელი მინიმუმამდე არის დაყვანილი, რამაც გამოიწვია ადგილზე ხორბლის ფასის ვარდნა. პური ზაფხულსა და შემოდგომაზე ორჯერ გაძვირდა 10-10 თეთრით, ძალიან ბევრ პროდუქტზე გაიზარდა ფასი და, მხოლოდ და მხოლოდ, ხორბლის ფასი წამოვიდა ქვევით, რაც დარგისთვის კარგი არ არის.

2025 წლის მოსავალი ჯერ ვერ გაიყიდება, სანამ ახალი მოსავალი არ იქნება. 2026 წლის მაისამდე შემოვა ახალი მოსავალი და იქამდე ფერმერები გაასუფთავებენ ბეღლებს. 2024 წლის მოსავალი გაიყიდა სრულად, 2025 წლის მოსავლის დაახლოებით 50% იქნება გასაყიდი ახლა. არის ასეთი პროექტი საწყობებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიუჯეტიდან აფინანსებს ბანკებს 11%-ით; ეს არის 4-წლიანი თანადაფინანსების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი საწყობი აშენდა ქვეყანაში და შენახვის თვალსაზრისით დიდი გამოწვევა აღარ გვიდგას განსაკუთრებით საშუალო და დიდ ფერმერებს, რასაც ვერ ვიტყვით მცირე ფერმერებზე. მცირე ფერმერებს ძალიან დაბალ ფასად უწევთ მოსავლის აღების პროცესში გაყიდვა, რაც მათი მხრიდან სრულიად სამართლიანად იწვევს უკმაყოფილებას. ყველას ერთი ფასი უჯდება მოყვანა და მათ არ აქვთ შენახვის საშუალება“, - აღნიშნავს ბენიაიძე.

როგორც მანვე განაცხადა, ამჟამად ბაზარზე არსებული ხორბლის ფასი თვითღირებულებას თითქმის უტოლდება. ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ფერმერებმა სამართლიანი ფასი უნდა მიიღო. ამასთანავე, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს გადასახადების ნაწილიც.

„წელს განსხვავებული ვითარება გვქონდა, როგორც აღვნიშნე, აღების პერიოდში რა ფასიც იყო, უკან წამოვიდა, რაც ახსნილია იმპორტული ხორბლის ვარდნის ფასით. იცით რომ, წინა წლებში ფქვილზე, ქატოსა და ქერზე გადასახადის გვქონდა, რამაც დარგი გადაარჩინა, შარშან წამოიწია ფასებმა, ფერმერები კმაყოფილები იყვნენ და ხორბალი კვლავ დათესეს საკმაოდ დიდ ფართობებზე. სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 200 ათას ტონაზე მეტი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ვერ ყიდიან ფერმერები, ხორბლის ფასი თვითღირებულებასთან არის ძალიან ახლოს, მოგებაზე ვერ გავლენ, ამას ემატება ბანკის, კომბაინების და სხვა ტექნიკის გადასახადი. აქედან გამომდინარე, ურთულდებათ მათ მოსავლის გაყიდვა, როდესაც მოთხოვნაც არ არის, რადგან ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შემოდის. გადასახედია საკითხი, ვფიქრობ გადასახადის კვლავ შემოღება არავის დააზიანებს, გადასახედია საკითხი, რომ გადავარჩინოთ ადგილობრივი მეწარმე, სასურსათო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენი პოტენციალი უახლოეს წლებში გავზარდოთ 50%-მდე.

ფერმერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ფასი, ეს არ აისახება პურის ფასზე იმდენად დაბალია დღეს ხორბლის ფასი. პური ორჯერ გაძვირდა და ხორბალი გაიაფდა, არაკანონზომიერებაა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, საჭიროა სათესლე მასალების მიმართულებით დახმარება, სათესლე მასალა შემოსატანია ქვეყანაში, ამაზე გვქონდა საუბარი სამინისტროსთან, რადგან დიდი ხანია 90%-ს ფერმერებისას ნორმალური სათესლე მასალა არ დაუთესავს, რაც პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკოლოზ ბენიაიძემ.

www.bpn.ge