მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ,  ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცოცხნარას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, „ქემფერის“ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს (კატეგორია - B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 195 420 მ3 ) სალიცენზიო აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი 14 ივნისს 18:00 საათზე სრულდება. ელექტრონულ აუქციონს კანდიდატი ჯერ არ ჰყავს და  საწყისი ფასი 196 523 ლარია.

ლიცენზიის ვადა განსაზღვრულია 5 წლით. საგარანტიო თანხა კი მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

ანალოგიური ფასითა და პირობებით, აღნიშნულ სალიცენზიო ლოტზე აუქციონი ჯერ კიდევ 2 თვის წინ გამოცხადდა, თუმცა მაშინ სააგენტომ ლიცენზიის გაყიდვა ვერ მოახერხა.

აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის  პროექტის მიხედვით.

ობიექტზე ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მისი კონსერვაცია, ხოლო დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს საბადოზე მარაგების ამოწურვის შემდგომ ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით.

სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება შესაბამისი დადგენილი წესებით უნდა მოხდეს.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.