„წმინდა წყლის მანიპულაცია“- ასე აფასებს ეკონომისტი დემურ გიორხელიძე „კომერსანტთან“ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მისი თქმით, ქვეყანაში რეალური ეკონომიკური ზრდა არ არსებობს, თუმცა სტატისტიკურ მონაცემებში სხვა ვითარება არის ასახული. ეკონომისტის შეფასებით, მონაცემები მანიპულაციურია და რეალობას არ ასახავს.
,,მე კარგად არ მესმის რა მონაცემებს ეყრდნობა პრემიერ-მინისტრი. რას უწოდებს ის ეკონომიკურ ზრდას, როდესაც არანორმალური მიგრაციაა ქვეყნიდან. ხალხი გარბის უმუშევრობის და უპერსპექტივობის გამო. რა თქმა უნდა, სტატისტიკის დონეზე ყველაფერი შეიძლება იყოს შესანიშნავად. სტატისტიკაც მათ ემორჩილება და სხვა მონაცემებიც. რეალური ეკონომიკური ზრდა არ არსებობს, საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი არ ვითარდება. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები და მანიპულაციები.’’- აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ეკონომისტი განმარტავს, რომ არსებული სტატისტიკა არ მოიცავს საჭირო მონაცემებს და იმ ინფორმაციას, რაც ობიექტური დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. დემურ გიორხელიძეს აშშ-ის მაგალითი მოჰყავს, სადაც მშპ-სთან ერთად დამატებით 5 მონაცემი ქვეყნდება. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სხვა მონაცემებიც უნდა გამოაქვეყნოს, რათა ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებელი დავინახოთ.
,,როცა შეერთებულ შტატებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას აქვეყნებენ, მას კიდევ 5 მონაცემი მოჰყვება. კერძოდ: დასაქმება არასასოფლო-სამეურნეო სფეროში, კერძო ფირმების შემოსავლები, კერძო პირების შემოსავლები და ა.შ. დავუშვათ გაიზარდა, რის ხარჯზე გაიზარდა? ეს გამოჩნდება ამ მონაცემებში. გააკეთოს ხელისუფლებამ ელემენტარული მონაცემები. მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო სფეროში, რომელ დარგებში რა სამუშაო ადგილები შეიქმნა. რევოლუცია არ მომხდარა, რომ რაღაც ახალმა ტექნოლოგიებმა დიდი ძვრა გამოიწვია, ე.ი. სამუშაო ადგილები უნდა იზრდებოდეს. სად არის ეს სამუშაო ადგილები? ხელფასები როგორია ამ სამუშაო ადგილებზე. თუ ეს მონაცემები გვექნება, შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ გაიზარდა თუ არა.’’- აცხადებს ეკონომისტი ,,კომერსანტთან“ საუბარში.
დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ქართულ ეკონომიკაში 8%-იან ზრდას ვერ ხედავს. მისი თქმით, ასეთი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში ქვეყანას მოქალაქეები არ დატოვებდნენ და ემიგრაციაში არ წავიდოდნენ.
,,მე ვერ ვხედავ 8%-ს. სად არის? რატომ 10% არ არის? ვინ შეუმოწმებს? 12% თქვას, ვინ უშლის? ასეც იტყვის, მაგრამ რეალობა სხვაა. 2024 წელს ოფიციალური მონაცემებით საქართველო დატოვა 253 ათასმა მოქალაქემ. სად გარბის ქართველი? ეკონომიკა აყვავების გზაზეა და ქვეყნიდან გარბის მოქალაქე მაშინ, როცა ქართველი მზად არის აქ მინიმალურზე დაკმაყოფილდეს. ოღონდ ისე, რომ ცხოვრება შეიძლებოდეს. გარბის იმიტომ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა და ესენი ამბობენ, რომ ეკონომიკა იზრდებაო. კი ბატონო იზრდება, მაგრამ არ იზრდება. ეს არის წმინდა წყლის მანიპულაცია.’’- აცხადებს დემურ გიორხელიძე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, ოთხი თვის საშუალო ზრდამ 8,8 პროცენტი შეადგინა.