„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, კანონის მიღებას ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. რა ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული კანონი ტურიზმის სექტორზე და რას მოუტანს ქვეყანას, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ალექსანდრე გიორგიძემ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კანონი გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორისთვის ძალიან დამაზიანებელია, ტურიზმი მიჯაჭვული დარჩება მხოლოდ მეზობელ ქვეყანაზე და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება.
„სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ასცდა იმ მიმართულებას, რისთვისაც ჩვენ 30 წლის მანძილზე ვმუშაობთ, ეს კანონი ტურიზმის მიმართულებით არაფერი სიკეთის მომტანი არავისთვის არაა.
გამომდინარე იქიდან. რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ტენდენცია მზარდია, 3-4 წლის პერსპექტივაში გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ ტურისტების უმეტესობა ამ ქვეყნებიდან გვყოლოდა, სამწუხაროდ ამ კანონის მიღებით თუ ვიზალიბერალიზაციას რამე დაემუქრება, ეს პირველ რიგში დაგვარტყამს ჩვენ, ჩვენ მომავალს და მიჯაჭვული გავხდებით ჩვენ მეზობელზე, რაც არ არის კარგი.
1-2 მიმართულებით ტურიზმის მიაჯაჭვა ძალიან კარგ ბერკეტს უქმნის ისეთ ქვეყანას, როგორც რუსეთია და როგორ იყენებს ამას, ამის მაგალითი გვაქვს ეგვიპტის და თურქეთის წინააღმდეგ და როგორ გამოიყენა ეს ეკონომიკური ბერკეტები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი“ - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.
რაც შეეხება ჯავშნებს და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას, გიორგიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა იქნება ეს გეოლოგიური კატასტროფა, ხანძარი, მიწისძვრა თუ პოლიტიკური გამოსვლები, ტურისტებს აფრთხობს და იწვევს ჯავშნების გადადებას ან გაუქმებას.
„ეს კანონი თუ ასე დარჩა განსაკუთრებით დაზარალდება რეგიონები, რადგან ძირითადად დასავლეთიდან ძალიან დიდი ინვესტიციები იდება მაღალმთიან რეგიონებში, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდებიან, იქნება ეს მაღალმთიანი აჭარა, სვანეთი, თუშეთი თუ სხვა.
მე რომ ახლა გრანტი მოვიპოვო და გავაკეთო სასტუმრო, მე ვხდები უცხო ძალის ინტერესების გამტარი, აბსურდამდე მივდივართ, მეორეს მხრივ ინვესტიციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დებენ შემცირდება, ჯერჯერობით ამის ტენდენციები არ ჩანს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ამას ვიგრძნობთ და ლარის გაუფასურება და გრანტების შემცირება დომინოს პრინციპით გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანა დაკარგავს თავის მთავარ კონტრიბუტორს - ტურიზმს, რაც ბიუჯეტის ძირითადი მასაზრდოებელია.“ - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.
გიორგიძის თქმით კანონის რამენაირად გადაკეთება არანაირ შედეგს არ მოგვცემს, რადგან მას გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი ეკონომიკური შედეგი ექნება და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, რაც არ უნდა კარგი რაღაც ეწეროს კანონში, ხდება სტიგმატიზებული.