ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასულ თვეში ექსპორტის კუთხით არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, არსებულ დადებით დინამიკასა და რეკორდულ მაჩვენებელს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე საქმიანობისთვის.
„ეს ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე და დაიწყონ თუ გააფართოონ წარმოება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს აისახება როგორც ექსპორტის, ასევე ეკონომიკური ზრდის , დასაქმების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისისპერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა – 3,876.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც – ივნისის თვის რეკორდულმა მაჩვენებელმა 2,396.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 12,925.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა იზრდება, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იზრდება, ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებზე“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.