2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.8 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი).