დეველოპერული კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ სექტორისთვის იპოთეკური სესხების გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები გამოწვევაა.

როგორც „იბერკომპანის“ დირექტორმა BMG-ის განუცხადა, გაძვირებული სესხების ფონზე, კომპანიებმა შიდა განვადებები გაააქტიურეს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, გამოწვევა იყოს. ლევან დიასამიძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილური გაყიდვების შენარჩუნებისთვის აუცილებელია იპოთეკური სესხების განაკვეთები შემცირდეს. მისივე თქმით, სექტორისთვის გამოწვევაა კორპორაციულ სესხებზე უცხოურ ვალუტაში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებიც.

„ვფიქრობ, დღეს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი იმ მდგომარეობაშია, რომ შესაძლებელია გარკვეულწილად შემცირდეს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი, რაც სტიმული იქნება [უძრავი ქონების] გაყიდვების ზრდისთვის. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქმე უნდა აკეთოს საქმის პროფესიონალმა. საბანკო სექტორი არის დაკრედიტების კუთხით ბევრად უფრო გამოცდილი. როგორც კი ძვირდება სესხები, ხელმისაწვდომობა სესხებზე იცვლება, ეს დაწოლა გადმოდის დეველოპმენტის სექტორზე. როგორც კი დეველოპმენტზე გადმოვიდა ეს ტვირთი, დავიწყეთ შიდა განვადებები და აქ რისკების განსაზღვრა არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ არ გვაქვს უბრალოდ ის კომპეტენციები, რაც აქვთ ბანკებს.

ფაქტობრივად, საკრედიტო ბიზნესში შედის დეველოპმენტი, რაც არ არის სასურველი და ეს უნდა იყოს ზომიერად და არა ისე, როგორც დღეს არის. ვფიქრობ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ხელმისაწვდომი იყოს შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რათა დაკრედიტება მოახდინონ ბანკებმა და არა დეველოპმენტმა, რომ უფრო სწორად ვაკეთოთ საქმე.

თუ საპროცენტო განაკვეთი დაიწევს, ჩვენ გამოგვითავისუფლდება მეტი რესურსი და შედარებით ნაკლები რისკი გვექნება, უფრო გაყიდვებზე ვიქნებით ორიენტირებული. იპოთეკური სესხების მიღმა, მაღალი საპროცენტო განაკვეთებია კორპორატიულ სესხებზეც. დოლარში განაკვეთი დაახლოებით 10-10.5%-ის ფარგლებშია, რაც ვფიქრობ, ბიზნესისთვის ძალიან მძიმეა და აქაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაიწიოს განაკვეთებმა“, - განაცხადა ლევან დიასამიძემ.

ცნობისთვის, იპოთეკური სესხები ძვირდება. 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.

კრედიტების გაძვირების ფონზე, მცირდება ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით არის გაზრდილი.