25 და 26 აპრილს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი, თემაზე "ევროკოდები, გამოწვევები საგზაო და ჰიდროტექნიკური სტანდარტების ადაპტაციისა და ჰარმონიზაციის პროცესში".

აღნიშნული ღონისძიება პროექტის „ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალთა სასწავლო პროგრამების მეშვეობით“ დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა, რომელსაც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

„ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკოდების დადგენა ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამშენებლო ნორმების დამკვიდრებას და, ამასთან ერთად, სხვა სექტორების განვითარებას საქართველოში“ -  ამბობს ნატალია ბერუაშვილი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რუსუდან სულამანიძემ.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინირებას უწევს ევროკოდების იმპლემენტაციის პროცესს. დღეის მდგომარეობით ქართულ ენაზე ნათარგმნია ევროპული სტანდარტების კრებული - ათი ევროკოდი, რომელიც შედგება 58 ნაწილისგან. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ევროკოდების ეროვნული დანართების შემუშავება. ამასთან ერთად, დაწყებულია ევროკოდების საქართველოს სტანდარტად დარეგისტრირების პროცესი, რომელსაც ახორციელებს სსიპ საქართველოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული სააგენტო და ევროკოდი 0 - კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები, უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტად და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის N369 დადგენილებით - ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულია. სამშენებლო სექტორში გავრცელებული მშენებლობის პრაქტიკისა და ევროკოდების დანერგვისთვის, სამინისტრო ახორციელებს ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინირებას. დღეის მდგომარეობით, ოცზე მეტი ევრონორმა ნათარგმნია და იგეგმები მათი გადაგზავნა სააგენტოში დასარეგისტრირებლად, რაც შეეხება პროგრამას, ,,ევროკოდების მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალთა სასწავლო პროგრამის მეშვეობით“, რომელიც განხორციელდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კოორდინირებით და რომლის ფარგლებშიც გადამზადდნენ ინჟინერ-მშენებლები, დამატებით ხელს შეუწყობს ევროკოდების დანერგვას და მის პრაქტიკაში გამოყენებას.“ - განაცხადა რუსუდან სულამანიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე შედგა კვლევის “საგზაო და ჰიდროტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები” პრეზენტაცია, ხოლო შემდგომ გაიმართა დისკუსია სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ და აზრთა გაცვლა დოკუმენტთან დაკავშირებით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული და დაინტერესებული მხარეები: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები, საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაცია. დისკუსიას ფასილიტაციას უწევდა პროექტის ექსპერტი დავით გიგინეიშვილი. მისი თქმით, საქართველოში სამშენებლო სფეროს თანამედროვე მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ევროკოდების დანერგვის დროს, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს იმ სფეროში მოქმედი სტანდარტები/ტექნიკური რეგლამენტები, რაც ევროკოდების რეგულირების მიღმაა: „აღნიშნული საკითხის ძირფესვიანი შესწავლის მიზნით შედგა კვლევა, რომელმაც მოიცვა საგზაო და ჰიდროსაინჟინრო სფეროს ევროპულ ნორმებთან ადაპტაციის შესაძლებლობა. კვლევის ფარგლებში, საგზაო და ჰიდროსაინჟინრო მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციების შესწავლამ საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალურ რეგულაციათა მოდელის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მომზადდა. კვლევით დადგინდა, რომ რეგულაციები აუცილებლად ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკოდებთან, რათა ძირითადი შენობა-ნაგებობების და ხიდების ევროკოდებით პროექტირებისას, შესაძლებელი იყოს საგზაო და ჰიდროსაინჟინრო ნაწილების დაპროექტებაც. კვლევაში ასევე მოცემულია კონკრეტული ქვეყნების (გაერთიანებული სამეფო, გერმანია) მაგალითზე საქართველოსთვის ნორმების დანერგვის შესახებ რეკომენდაცია საგზაო და ჰიდროსაინჟინრო ნაგებობების როგორც დასაპროექტებლად, ასევე მშენებლობის პროცესში ზედამხედველობისთვის.“- აღნიშნავს დავით გიგინეიშვილი.

ღონისძიების მეორე დღეს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები და პროექტის ექსპერტი რუისპირში სასტუმროსა და მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო პროცესს გაეცნენ, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანია “სამშენებლო ლაბორატორია” ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალთა სასწავლო პროგრამების მეშვეობით“ ფარგლებში, ასოციაციამ, მოწვეული ექსპერტების დახმარებით, შეიმუშავა სპეციალური სილაბუსი, რომლის მიხედვითაც,  სამშენებლო სექტორში ევროკოდების მიმართულებით მოქმედი და მომავალი ახალგაზრდა ინჟინრები გადამზადდნენ. ტრენერთა ტრენინგი წარმატებით 27-მა ინჟინერ-კონსტრუქტორმა გაიარა, ასევე, ორი საპილოტე ჯგუფის სასწავლო კურსის ფარგლებში, სამშენებლო კომპანიების 19-მა წარმომადგენელმა და აგრარული უნივერსიტეტის 14-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა ტრენინგების ციკლი.

ევროკოდები (ეროვნულ დანართებთან ერთად), მომავალში ჩაანაცვლებს საქართველოში დღეს მოქმედ საბჭოთა სამშენებლო ნორმებსა და წესებს. სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული სამშენებლო კოდების (ევროკოდები*) თარგმნისა და საქართველოში დანერგვის პროცესს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმართავს.

*ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს).

ევროკოდების მიზანია, დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობის და უსაფრთხოების წესები, ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები, ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.