2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 9.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12.8 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 11.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.6 პროცენტი — თურქეთის, 10.2 პროცენტი — მალტის, 8.4 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56.8 პროცენტს შეადგენდა. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28.8 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.