ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს - მისი ინფორმაციით, აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.
„აპრილში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. ასევე ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები - აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 616 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ზრდის მაჩვენებელი 41%-ით განისაზღვრა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და გაგრძელდება. როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურადაც ლიდერი ქვეყანა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ასევე რეკორდულ ნიშნულზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი და კერძოდ, მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-მდე ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
„მთავრობა ასევე აგრძელებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას და საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება როგორც მოსახლეობის დასაქმებაში, ისე შემოსავლების ზრდაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს