გლობალურმა ვალმა 2025 წლის მეორე კვარტლის ბოლოს რეკორდულ ნიშნულს, 337.7 ტრლნ დოლარს მიაღწია, რაც გლობალური ფინანსური პირობების შემსუბუქებით, აშშ დოლარის შესუსტებითა და ძირითად ცენტრალურ ბანკებს შორის მეტ-ნაკლებად შეთანხმებული პოზიციით იყო განპირობებული.

ინფორმაციას Reuters ფინანსური მომსახურების სავაჭრო ჯგუფ “საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტზე” (Institute of International Finance-IIF) დაყრდნობით ავრცელებს.

IIF-ის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში გლობალური ვალი 21 ტრლნ დოლარზე მეტად გაიზარდა და 337.7 ტრლნ დოლარს მიაღწია. დოლარში ვალის ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ დოლარის შესუსტებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება საქართველოს, ფინანსთა სამინისტროს ბოლო, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით სახელმწიფო ვალი 9.091 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს კი ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია. თუ 10-წლიან პერიოდს ავიღებთ, მონაცემებში ვნახავთ, რომ ვალის მოცულობა 104.5%-ით არის გაზრდილი.

გთავაზობთ, საქართველოს სახელმწიფო ვალის მაჩვენებლებს ბოლო 10 წლის განმავლობაში: (მონაცემები მოიცავს ყოველი წლის აგვისტოს მაჩვენებლებს)

  • 2016 წელი - 4.445 მლრდ დოლარი
  • 2017 წელი - 4.946 მლრდ დოლარი
  • 2018 წელი - 5.168 მლრდ დოლარი
  • 2019 წელი - 5.387 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 6.758 მლრდ დოლარი
  • 2021 წელი - 8.047 მლრდ დოლარი
  • 2022 წელი - 7.691 მლრდ დოლარი
  • 2023 წელი - 8.568 მლრდ დოლარი
  • 2024 წელი - 8.989 მლრდ დოლარი
  • 2025 წელი - 9.091 მლრდ დოლარი

რაც შეეხება ისევ მსოფლიო მაჩვენებლებს, ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ყველაზე მკვეთრი ზრდა კანადაში, ჩინეთში, საუდის არაბეთში და პოლონეთში დაფიქსირდა, ხოლო ირლანდიაში, იაპონიასა და ნორვეგიაში ეს თანაფარდობა შემცირდა.

განვითარებადი ბაზრების მთლიანი ვალი მეორე კვარტალში 3.4 ტრლნ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს, 109 ტრლნ დოლარს გადააჭარბა.

IIF-ის შეფასებით, ზრდა, ძირითადად, სახელმწიფო ვალის ხარჯზე ხდება, რომელიც G7-ის ქვეყნებსა და ჩინეთში მკვეთრად გაიზარდა.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს გლობალური ვალი 251 ტრლნ დოლარს შეადგენდა. სახელმწიფო ვალი 99.2 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო კერძო ვალი 151.8 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. ამჟამად გლობალური ვალი მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 235%-ს ოდნავ აღემატება.

bpn.ge