დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება და ევროკავშირთა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გადადების განცხადება ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ვითარება არ გამოსწორდება ზრდის მაჩვენებელი შეიძლება 3%-მდე დაეცეს. მთავრობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ურთიერთობების გამოსასწორებლად უახლოესი თვეები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი 2025 წელს უკვე ხილული იქნება.

ვითარების შემოსაბრუნებლად თვეებზეა ლაპარაკი. ეს უნდა მოხდეს დეკემბერ-იანვარში. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ შემდეგ წელიწადს უკვე ვნახავთ ამის შედეგებს ჩვენს ეკონომიკაზე. შედეგი შეიძლება იყოს მაგალითად, თუ ჩვენ სხვაგვარად მივიღებდით ეკონომიკის 10%-იან ზრდას, მივიღებთ 3%-იან ზრდას. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია. მე თეორიულად ვლაპარაკობ, რომ გასაგები იყოს. აქ არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ნეგატიურ ზრდაში გადავალთ. ეს არ მოხდება. ეკონომიკის შეკუმშვა არ მოხდება. მოხდება ზრდის ტემპების შენელება, რაც რა თქმა უნდა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ. 2%-ის ზრდის ჩამოკლება გვაშორებს ჩვენი მიზნებისკენ, დავძლიოთ სიღარიბე და მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ ისეთ დონეზე, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონის ქვეყანას“, - აცხადებს გიორგი ქობულია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ინვესტიციების შემოსვლის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს. გიორგი ქობულია აცხადებს, რომ შტატებთან პარტნიორობის შეჩერებით ქვეყანა კარგავს დაფინანსებას, თუმცა ამაზე უფრო ნეგატიური ფაქტორია ის სიგნალი, რაც დასავლელმა ინვესტორებმა ამ გადაწყვეტილებით მიიღეს.

„ეს არის ნეგატიური ფაქტორი და ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას აქვს სხვა ნეგატიური გამოვლინებებიც. მაგალითად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში ჩვენ ვიღებდით დახმარებას. მათ შორის, სამხედრო ძალების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით და ამაში გვეხმარებოდნენ. იყო რაღაც დახმარებები, თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია სიგნალი დასავლური ინვესტორებისთვის, რომ აქ რაღაცა ხდება ისეთი, რომ დასავლურ კაპიტალს არ ელოდებიან“, - აცხადებს გიორგი ქობულია.

რამდენად შესაძლებელია არსებული ვითარების განმუხტვა და ურთიერთობების დალაგება? კითხვაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გვპასუხობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ შეცდომები დაუშვა. კერძოდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყენებდა ანტიდასავლურ რიტორიკას და იღებდა ანტიდემოკრატიულ კანონებს. მისი შეფასებით, შეცდომა იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც მან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე გადადებაზე ისაუბრა. გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ თუ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებს და მათ გამოსწორებას ეცდება სიტუაციის შემობრუნება და ურთიერთობების დალაგება შესაძლებელი გახდება.

,,მე მგონი შესაძლებელი იქნება ვითარების შემობრუნება. შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა ,,ქართული ოცნება’’ რაღაცნაირად თავს აარიდებს მომდევნო შეცდომების დაშვებას. კერძოდ, ვგულისხმობ იმას, რომ შეცდომა იყო ის რიტორიკა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დაყენების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა რაც იგულისხმა მე ეგ გავიგე. გავიგე, რომ ის უბრალოდ თვითონ ინიციატივას არ გამოიჩენს ამ მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეცდომა იყო. ამის თქმის საჭიროება არ იყო. ისეც რომ გავიგოთ, როგორც მაგან თქვა და ახსნა, ესეც არ იყო საჭირო. რა მოიგო ამით ჩვენმა ქვეყანამ ან თვითონ? უბრალოდ გაურკვეველია. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რაც არ უნდა ეთქვა, ყველა შემთხვევაში წამგებიანია. ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო 2 წელია, იმ ანტიდემოკრატიული კანონების ფონზე, რომელიც მიიღეს ნებისმიერი ასეთი განცხადება ხალხის მიერ, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში აღიქმება, როგორც ის, რომ ამ მთავრობას აღარ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ამის დამტკიცება, რომ მან სხვა რაღაც თქვა, ძალიან რთული ხდება. ამიტომ, ეს არის ისეთი შეცდომა, რომელმაც არავითარი პოზიტივი არ მოუტანა არც მთავრობას, არც ქვეყანას, მაგრამ გადაგვაგდო ასეთ შარში. ასეთი შეცდომები თუ არ იქნება დაშვებული და ამ შეცდომას დააბალანსებენ და გამოასწორებენ, პრინციპში შესაძლებელია ამ სიტუაციის შემობრუნება და ურთიერთობების დალაგება.’’- აცხადებს გიორგი ქობულია.