იმის ფონზე, რომ ხელისუფლება მუდმივად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე საუბრობს, სპეციალისტები განსხვავებულ სურათს ხატავენ. კერძოდ, ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტავს, რომ განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება სექტორი, რომელშიც რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული - ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციები. შესაბამისად, ამ სექტორის ზრდა რომ არ გავითვალისწინოთ, ექსპერტის ვარაუდით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 2-3%-ით შემცირდება.

„ამაყობს „ქართული ოცნება“, რომ გასაოცარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გვაქვს და პარალელურად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც ძალიან უცნაურია. თუ შევხედავთ დეტალურად ეკონომიკური ზრდის განაწილებას, სად რა იზრდება, ძალიან კარგად გამოჩნდება მნიშვნელოვანი გამოწვევები. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი საქართველოში არის მრეწველობის სექტორი, რომელიც ნომინალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია მხოლოდ 2%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, რეალურ მაჩვენებლებში, სავარაუდოდ, შემცირებულია. ასევე, მშენებლობის სექტორის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამსაქმებელია, გამოშვება წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით გაზრდილია მხოლოდ 2.8%-ით. იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის ხარჯები დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი, პლუს ინფლაციაც დაახლოებით 5%-ია, მშენებლობის სექტორიც მესამე კვარტალში შემცირებულია. საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ნომინალური ზრდა არის მხოლოდ 9%.

რატომ მომყავს ეს სტატისტიკა: ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის ძალიან არათანაბარი - იზრდება განსაკუთრებით სწრაფად ის სექტორი, რომელშიც ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული - ინფორმაცია და კომუნიკაციები და შესაბამისად, დიდწილად ამ სექტორის ზრდა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის ამხსნელი. ამ სექტორის ზრდა რომ ამოვიღოთ, ჩემი ვარაუდით, ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 2-3%-ით შემცირდება. შესაბამისად, რეალური ეკონომიკური სექტორები, როგორიც არის მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ან მცირდება, ან ძალიან ნელა იზრდება“, - განმარტავს გიორგი ხიშტოვანი.