„2 წლის პაუზის შემდეგ ინფლაცია ისევ ხდება პრობლემა მოსახლეობისთვის, რადგან ფასების ზრდა უპირველეს ყოვლისა, აწვება კისერზე მოსახლეობას, მაგრამ არამხოლოდ მათ - ვფიქრობ, რომ გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელი ბიზნესსაც შეაწუხებს მალე“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.

როგორც ხიშტოვანმა აღნიშნა, გაძვირებული პროდუქცია აისახება როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის ჯიბეზე. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, გაზრდილი ხელფასები, გაძვირებული საკრედიტო რესურსები და სხვა ფაქტორები აიძულებს ბიზნესს, გაზარდოს ფასები.

„ამავდროულად, მე არ მოველი, რომ საქართველოში ხელფასები იმ ტემპით გაიზრდება, როგორიც იყო წინა თვეებში, პირიქით, შეიძლება ზრდა საერთოდ არ გვქონდეს. აქედან გამომდინარე, 2 წლის პაუზის შემდეგ ინფლაცია ისევ ხდება პრობლემა, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის, რადგან ფასების ზრდა უპირველეს ყოვლისა, აწვება კისერზე მოსახლეობას, მაგრამ არამხოლოდ მათ - ვფიქრობ, რომ გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელი ბიზნესსაც შეაწუხებს მალე.

განსაკუთრებით გაყიდვების შემცირების პირობებში ინფლაციის ზრდა უფრო ურთულებს ბიზნესებს გადაწყვეტილებების მიღებას - გაზარდონ ფასები, რომ დააკომპენსიროს გაყიდვების შემცირება, თუ სხვა სტრატეგია აირჩიონ. ფასების გაზრდა ბიზნესისთვის, რომლის გაყიდვებიც დღეს მცირდება, შესაძლოა იყოს უარესი, მაგრამ განუსაზღვრელობის მაღალი ხარისხი, გაძვირებული საკრედიტო რესურსი და გაზრდილი ხელფასები ბიზნესსაც აიძულებს, რომ გაზარდოს ფასები“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა, თვის ჭრილში კი ფასები 1.1%-ით არის გაძვირებული. როგორც წლის, ასევე თვის ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასები წლიურად 6.6%-ით გაძვირდა, რამაც წლიური ინფლაციის ზრდაში 2.2 პროცენტული პუნქტის წილი შეიტანა.

ბიზნესპრესნიუსი