ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და 4 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 191 ათასამდე ტონა ყურძენი.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 93 ათასამდე ტონა რქაწითელი, 86 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 600-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან; აქედან 370-მდე რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

შეგახსენებთ,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.