„ესკო-ში (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) ფულადი ჯილდოს 81% გაცემულია დასაბუთების გარეშე,“ - ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია საუბარი.
უფრო კონკრეტულად, მოკვლევის მიხედვით, 2022-2023 წლებში ესკოში დასაქმებულ თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით ჯამურად გაცემულია 1 968 631 ლარი. აქედან უმეტესი ნაწილი - 1 595 837 ლარი (მთლიანი ჯილდოს 81%) გაცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, კვარტალური და სადღესასწაულო ჯილდოების სახით, მათ შორის, 2022 წელს − 521 609 ლარი და 2023 წელს − 1 074 228 ლარი.
„ჯილდოს გაცემის საფუძვლებში არ არის მითითებული კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები და ჯილდოს გაცემის მოტივები. ესკო თანამშრომლებზე ჯილდოს გაცემისას არ ეყრდნობა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდიდა წახალისების სისტემას. შედეგად, ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს 81% − 1 595 837 ლარი, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს“,- ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ესკოში სამსახურებრივ ავტომობილებზე დაფიქსირდა დასვენების/უქმე დღეებში საწვავის ჩასხმის ფაქტები, რაზეც ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
„2022 წელს დასვენების/უქმე დღეებში ჩასხმულია − 9 818 ლარის, ხოლო 2023 წელს − 6 871 ლარის საწვავი; განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამშრომლების შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის პერიოდში, განპიროვნებული ავტომანქანა არ ყოფილა გაჩერებული და არც დოკუმენტურად დასაბუთებული საფუძვლით გადაცემული სამსახურებრივ, დროებით სარგებლობაში დაწესებულების სხვა თანამშრომელზე.
ესკოში ხდებოდა უქმე და დასვენების დღეებში, ასევე ავტომობილით მოსარგებლე თანამშრომლების მივლინებისა და შვებულების დროს, მათზე განპიროვნებული ავტომობილების ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების და არამართლზომიერი ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.