ფოთის პორტის ნავმისადგომების ოპერატორმა, "Pace ჯგუფმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ჯგუფია, რომელიც 30 წელია საქმიანობს. კომპანიამ 2022 წელს "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გახსნა, რომლის მშენებლობაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო DFC-იმ $120-მილიონიანი ინვესტიციით დააფინანსა.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „პეის ჯორჯიას“ 2024 წელს საერთო შემოსავალი 131.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2023 წელთან შედარებით 3%-იანი ზრდაა (127.9 მილიონი ლარი წინა წელს).
შემოსავლების ძირითადი წყარო კვლავაც ლოგისტიკური და საპორტო მომსახურებაა:
- ტვირთების ფორვარდირება, შენახვა და გადმოტვირთვა – 124.1 მილიონი ლარი;
- გემების სააგენტოს მომსახურება – 1.7 მილიონი ლარი;
- საპორტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები – 6.1 მილიონი ლარი
კომპანიის წმინდა მოგება 2024 წელს 25.2 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის 34.5 მილიონ ლართან შედარებით შემცირებულია. მოგების შემცირება, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, დაკავშირებულია ფინანსური ხარჯების ზრდასთან და სესხების მომსახურების დანახარჯების მატებასთან.
„პეის ჯგუფის“ აქტივები 2024 წლის ბოლოს 300.6 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულებები 76.6 მილიონი ლარია, ხოლო მოკლევადიანი – 19.4 მილიონი ლარი.
ჯგუფის საკუთრებაშია შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომლის აქტივებმა 2024 წელს 182.9 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ვალდებულებებმა – 81.3 მილიონს. შედეგად, ნავსადგურის წმინდა აქტივები 101.6 მილიონ ლარს შეადგენს
„პეის ჯორჯია“ 1993 წელს დაფუძნდა და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს ტვირთების გადაზიდვის, ინსპექტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გემების სააგენტოს მიმართულებით.
კომპანიის მფლობელები უცვლელად რჩებიან:
- ირაკლი კერვალიშვილი – 38%;
- ლაურა ლარიონი – 38%;
- თეიმურაზ კერვალიშვილი – 10%;
- ირაკლი თათეიშვილი – 10%;
- თამაზ კაპანაძე – 4%
კომპანიის გენერალური დირექტორია ირაკლი თათეიშვილი, რომლის თქმით, „პეის ჯგუფი“ განაგრძობს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ფოთში და მიზნად ისახავს სატრანზიტო ტვირთების ნაკადის ზრდას შავი ზღვის რეგიონში.