ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და მის ფარგლებში გამართული თემატური დისკუსიები შეაჯამა, რომლებიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ინოვაციები და ტექნოლოგიები და სხვ. მიმდინარე წელს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატს უმასპინძლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებით წარმომადგენლობითი იყო - მასში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, მსხვილი კომპანიებისა და კორპორაციების ხელმძღვანელები.
„სადისკუსიო პანელის ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გვემსჯელა მნიშვნელოვან ხელშესახებ პროექტებზე, რომლებიც, პირველ რიგში, აძლიერებს საქართველოს ტრანზიტული - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებობდეს კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნების მდგრადი განვითარება. ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა და გეგმა, რომლებიც არა მხოლოდ გააძლიერებს თითოეულ ქვეყანას, არამედ ერთობლივი ძალებით - უშუალოდ შუა დერეფანს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილია დაკავშირებადობა, მათ შორის, ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, უფრო ვრცლად გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ასევე ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საგზაო და მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს რკინიგზის არსებულ მოდერნიზებაზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს პოზიციას შუა დერეფანში,“ - აღნიშნა მინისტრმა.
„უშუალოდ საინვესტიციო პანელის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი ქვეყანა და რა კეთდება იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სადისკუსიო პანელებზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. „ბოლო წლებია, ჩვენი ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. გასულ წელს მან 9,4 პროცენტი, მიმდინარე წელს კი 8 პროცენტი შეადგინა, რითაც საქართველო პოზიციონირდება როგორც მსოფლიოში მესამე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. საქართველო უპირობო ლიდერია რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის და ამის გარშემო იყო ბევრი საუბარი, როგორ შეძლო საქართველომ ასეთი წარმატების მიღწევა. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინოთ,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს