თითქმის ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში ქართული თაფლი ევროკავშირში გავიდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ განაცხადა, ევროპაში 21.6 ტონა თაფლი უკვე გავიდა, უახლოეს მომავალში კი გასაგზავნად მზადაა 15 ტონა.

„ზოგადად ევროკავშირს აკაციის სახეობის თაფლი სურს, რომელსაც საქართველოში კლიმატური პირობების გამო ხშირად ვერ ვიღებთ იმ რაოდენობით, რომ ექსპორტზე გავიდეს.

გლობალური კლიმატური პირობების გამო შეიცვალა მცენარეთა ყვავილობების ფაზები. წინა წლებში ცუდი ამინდები დაემთხვა, აკაციამ ვერ იყვავილა და შედეგად პროდუქტის მიღებამდე ვერ მივედით. ახლაც 15 ტონა მზადაა გასატანად, მაგრამ მომავალ წელს რა იქნება, არ ვიცით, ისევ შევძლებთ თუ არა ამინდის გამო აკაციის თაფლის დამზადებას და გატანას ექსპორტზე“, - განაცხადა პაპავამ.

მისი თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„სასურველია, სახელმწიფომ იზრუნოს თაფლოვანი მცენარეების გაუმჯობესებაზე, უპირველესად აკაციის გაშენებაზე, ქარსაყარი ზოლების, ნიადაგის მომზადებაზე. ამით გაიზრდება შანსი, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი აკაციის თაფლი.

ამ ეტაპზე, აბსოლუტურად ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე გვაქვს ეს შედეგი“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყნიდან 144.2 ათასი დოლარის ღირებულების 21.9 ტონა თაფლი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 80-ჯერ აღემატება. 2024 წლის სექტემბერში ქვეყნიდან მხოლოდ 1.8 ათასი დოლარის ღირებულების 0.3 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება ქართული თაფლის იმპორტიორ ქვეყნებს, სექტემბერში პროდუქტის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გავიდა, ჯამში 139.7 ათასი დოლარის ღირებულების 21.6 ტონა და მხოლოდ 0.3 ტონა, 4.4 ათასი დოლარის გაიყიდა იაპონიაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით თაფლის ექსპორტი არ განხორციელებულა. ივნისში კი მხოლოდ 3.9 ათასი დოლარის ღირებულების გავიდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი