რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, იმაზე საუბრობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია, მათ შორის, ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკურ ტენდენციებზე და აღვნიშნეთ არაერთხელ, რომ 2008 წლის შემდეგ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში რადიკალურად შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წელს ეს წილი იყო 30% და 2024 წლისთვის ჩამოვიდა 17.5%-მდე.
„ეს ტენდენცია არის კლებისკენ მიდრეკილი. წელსაც, წლის ბოლოს უკვე 17.5-ზე ნაკლები იქნება ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ზუსტად იგივე ციფრები, მცირე განსხვავებით, წლებში იყო იქ განსხვავება, იყო მოცემული ამერიკულ შესაბამის დოკუმენტში. ეს არის ძალიან მარტივი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკური ტენდენციები ევროკავშირში არის ძალიან უარყოფითი. მარტივი სტატისტიკაა, 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ახლა არის 17.5%. ეს ყველაფერზე მეტყველებს. იგივე პერიოდში, ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში გაიზარდა და ევროკავშირის შემცირდა 30-დან 17.5%-მდე. ასევე, 2008 წელს ჩინეთის ეკონომიკა იყო 4 ტრილიონი დოლარი და ახლა არის, დაახლოებით, 18 ტრილიონი დოლარი, ანუ დაეწია ევროკავშირს. ევროკავშირი დარჩა იქ, სადაც იყო, ჩინეთი დაეწია 4 ტრილიონიდან და ამერიკული ეკონომიკა თუ იყო 15 ტრილიონი, ახლა თითქმის 30 ტრილიონამდეა გაზრდილი. ეს ყველაფერზე მეტყველებს და ეს ყველაფერი არის ევროპული ბიუროკრატიის უსუსურობის შედეგი.
ნაცვლად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყოს ორიენტირებული საკუთარი ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზე, ისინი არიან დაკავებული სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევით. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და არასუვერენული ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ვითარება შეიცვლება, სხვანაირად ეს ტენდენციები არ შეჩერდება. იგივე ეხება, მათ შორის, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. თქვენ ნახეთ, რა მოხდა რუმინეთში. თქვენ ხედავთ, როგორ მუშაობს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვეულებრივად, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ეს არის უმძიმესი ტენდენციები, რასაც ესაჭიროება შეჩერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.