ევროკავშირიდან რუსეთის მეზობელ, ეკონომიკურ პარტნიორებში ექსპორტი იზრდება. თავის მხრივ, მზარდია ამ ქვეყნებიდან რუსეთში რეექსპორტის ზრდის ტენდენციაც, რაც სანქციებზე თავის არიდებაში მონაწილეობის რისკებს ზრდის.
შესაძლოა, თუ არა, რომ მსგავს შემთხვევებს საქართველოშიც ჰქონდეს ადგილი? როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ისთ გეით ჯგუფის“ სამთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი იაშვილმა განუცხადა, სანქციებზე თავის არიდების შემთხვევებს ევროკავშირი არა ჩვენთან, არამედ საკუთარ ფარგლებში უნდა ეძებდეს.
"მე ამაზე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. ჩვენც გვქონდა შემოთავაზება გადაგვეტანა ევროპული ღვინო რუსეთში, თუმცა ამის არანაირი სურვილი არ გვქონდა. ახლა კი ეს ერთ-ერთი ბალტიკური ქვეყნის დედაქალაქში, რიგაში ხდება. ასე რომ, ევროკავშირმა სანქციებზე თავის არიდების შემთხვევები არა ჩვენთან, არამედ საკუთარ საზღვრებში უნდა ეძებოს.
რეექსპორტის ზრდა უკავშირდება მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის ზრდას, რომელიც სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. თუ სტატისტიკას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ წლებია, ავტომობილები საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო საქონელია", - ამბობს ბიზნესმენი.
2022 წელს რუსეთში რეექსპორტი არა მხოლოდ სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ საქართველოდანაც მკვეთრად, თითქმის 110%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 115 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
აქედან უმსხვილესი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომელთა ექსპორტმა რუსეთში გასულ წელს 338%-ით მოიმატა და 75.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ვახსენოთ, რომ, მიუხედავად ზრდისა, ავტომობილების რეექსპორტში რუსეთი მეხუთე ადგილზეა და მას წინ აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი უსწრებენ.
ირაკლი იაშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა მკვეთრად მომატებულია, ჩნდება ახალი ტვირთები ცენტრალური აზიიდან და მათ შორისაა სასუქები, რომელთა გადაზიდვების ზრდა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. რუსეთის ომმა სასუქის ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილამდე მიწოდება, რიგი მიზეზების გამო, შეაფერხა, ამან კი გავლენა არაერთი ქვეყნის მოსავალზე იქონია და ალტერნატიული მარშრუტების მოძიების საჭიროება გააჩინა.
აღსანიშნია, რომ გასულ წელს ნახსენები რიგას პორტიდან რუსეთში ექსპორტი მართლაც გაიზარდა ღვინის ხარჯზე. ის ბალტიის ქვეყნებისა და რუსეთის ვაჭრობაში ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, ევროპული ღვინის დიდი ნაწილი ლატვიის გავლით გადაიზიდება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებლები ესპანეთი და იტალია არიან. ახალი ამბავი არაა ის, რომ რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა და 161 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი მთლიანი ბაზრის 64%-ია - ამხელა წილი რუსეთს ღვინის ბაზარზე 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, იმ დროიდან, როდესაც ქართული ღვინო რუსულ ბაზარს ემბარგოს შემდეგ დაუბრუნდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კვლადაკვალ, EU-მა სანქციების პაკეტი მიიღო, რომლის თანახმადაც, ევროპულ ღვინის კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთში ღვინის შეტანა, თუ ერთი ბოთლის ღირებულება 300 ევროს აჭარბებს.
მიუხედავად ამისა, რუსეთში გაყიდული ღვინოების უმეტესობა ამ ფასზე ნაკლებად იყიდება.
bpn.ge