„ეს 1 მილიარდი არის რეალურად მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ფულია, ანუ იმ შესაძლო ხარჯებს დააკლდება, რომლებიც ამ თანხის მოკრების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, რომ გაწეულიყო. ამის პატიება რით და რამდენად არის გამართლებული, ეს რა თქმა უნდა, საკითხავია და მეორე მხრივ, ეს პატიება რამდენად დააჩქარებს ამ პროექტების რეალურ განხორციელებას – ესეც საკითხავია“ – ასე გამოეხმაურა მურმან მარგველაშვილი ელენე კვანჭილაშვილის #ანალიტიკა–ში ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

ირაკლი კობახიძის მიხედვით, დათქმა ასეთია: „იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“.

„დეტალებში არის ხოლმე, როგორც წესი, ეშმაკი ჩამალული – ამბობს მურმან მარგველაშვილი „ანალიტიკა“–სთან – დიდი უმრავლესობა იმ ე.წ. ინვესტორებისა, რომლებიც ამ დავალიანებებს აგროვებდნენ, არ არიან რეალურად ინვესტორები და არიან უბრალოდ ბროკერები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ეს პროექტები და მერე ცდილობდნენ მათ გადაყიდვას. ამაზე ბევრჯერ იყო ლაპარაკი – მათ შორის, მინისტრთან, სხვა დეველოპერების მიერაც და ა.შ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამიტომ მათთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა იმისთვის, რომ ეს პროექტები მაინც განავითარონ, რამდენად სწორია ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

მურმან მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება სახელმწიფოს „სხვა ტიპის ადმინისტრაციული პროცედურების გატარება და ნამდვილი ინვესტორებისთვის ამ პროექტების გადაცემა უჭირს და იმედი აქვს, რომ ისევ ბროკერები იპოვიან ახალ შესაძლებლობებს. ბევრი შეკითხვა დგას“ – ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“.

"ანალიტიკა"–ს ავტორის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ ამ პროცესში მხოლოდ ბიზნესი იყოს ცალმხრივად უპასუხისმგებლო? – მურმან მარგველაშვილი პასუხობს, რომ „გააჩნია, პასუხისმგებლობას რას დავარქმევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით იმ სასამართლო პროცესების შესახებ, რომლებიც პროექტების გადაცემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მარტო მათი [ბიზნესის] პასუხისმგებლობა რომ არ დგას და მეორე მხარესაც [მთავრობის მხარესაც] არის პასუხისმგებლობა, თუნდაც ამით დასტურდება“.

bm.ge