ეროვნული ბანკი 2024 წლის აპრილის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს.
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზია მოცემული.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
- 2023 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა
- დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია
- ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს
საბანკო სექტორი
- თებერვალში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.4%-ით გაიზარდა
- უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციამ 2024 წლის თებერვალში 49.8% შეადგინა
- თებერვალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით შემცირდა და 44.3%-ს გაუტოლდა
საგარეო სექტორი
- იმპორტი - თებერვალში საქონლის იმპორტი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა. სამომხმარებლო საქონლის იმპორტი ზომიერად გაიზარდა, ხოლო შუალედური სახის იმპორტმა კვლავ დაიკლო
- ექსპორტი - თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 2.0%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, ხოლო შუალედური და საინვესტიციო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო
- თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 107.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.