საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, გასული თვეების საექსპორტო მონაცემებს "საქმიანი დილას" ეთერში აფასებს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპი 2024 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა, რის შედეგადაც ექსპორტის ზრდის ტემპი იანვარ-სექტემბერში პოზიტიური გახდა.

"ვხედავთ, რომ ივნისიდან მოყოლებული საქონლის ექსპორტი გამოცოცხლდა, განსაკუთრებით მაღალი, 30%-იანი ზრდის ტემპი ივლისი-აგვისტოს თვეებში დაფიქსირდა, სექტემბერში კი - 17%-იანი ზრდა გვქონდა. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ, თუ წლის I ნახევარში ექსპორტის ზრდის ტემპი უარყოფითი იყო, უკვე 9 თვის მონაცემებით, ის პოზიტიური გახდა და 4.1%-ით $4.8 მილიარდამდე გაიზარდა. იმპორტიც ასევე პოზიტიურია, თუმცა ზრდის ტემპი ჩამორჩება და, მთლიანობაში, სავაჭრო დეფიციტი 9 თვეში, წლიურ ჭრილში $7.2 მილიარდს შეადგენს", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

საქსტატის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი მაჩვენებლის 42.6%-ს შეადგენს. ლაშა ქავთარაძის განმარტებით, ექსპორტის ზრდა ძირითადად ავტომობილების ექსპორტის ზრდამ განაპირობა.

"ექსპორტის ზრდას ავტომანქანების ექსპორტის ზრდა განაპირობებს, მაშინ როცა იმპორტი მცირდება. თუმცა, წინა თვეებში მარაგები არსებობდა და, შესაბამისად, სწორედ ამ მარაგებიდან ხდებოდა გაყიდვები. სექტემბერში დავინახეთ, რომ მცირედით გამოსწორდა სპილენძის ექსპორტიც. თუ წინა თვეებში შემცირების ტემპი 90-100%-მდე იყო, სექტემბერში შემცირების ტემპი უკვე განახევრებულია და უკვე სპილენძის ექსპორტი ათეულში ხვდება.

რომ შევაჯამოთ, ექსპორტის ზრდა რე-ექსპორტის ზრდის გამო მოხდა. ადგილობრივი ექსპორტიც იყო მცირედით გაზრდილი, თუმცა ეს საგრძნობი არ ყოფილა. იმპორტი კი ავტომობილების შემცირებით იყო განპირობებული, თუმცა უნდა დავაკვირდეთ, რომ გაზრდილია სხვა პროდუქტების, მაგალითად გამომთვლელი მანქანების იმპორტი, რაც საინვესტიციო პროდუქტია და მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მიზნებისთვის", - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4.786 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.