საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და ზოგიერთი ინდუსტრიული დანადგარის ენერგოეტიკეტირების წესები.

 

მთავრობის დადგენილება 2024 წლის 3 ოქტომბერს დამტკიცდა, რომლის თანახმად განისაზღვრა ცალკეული პროდუქტების ენერგოეტიკეტირების ვალდებულება. კერძოდ, ვალდებულება ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: ელექტრონული ეკრანები (ტელევიზორები, მონიტორები და ა.შ.), პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერები, საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულები, ასევე სამაცივრო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანები,  სინათლის წყაროები (ნათურები, სანათები, პროჟექტორები და ა.შ.), საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანები და ჰაერის კონდიციონერები.

 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები დროულად და სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებული ახალი რეგულაციების შესახებ. მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიან დიალოგს, ამცირებს გაურკვევლობებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ენერგოეტიკეტირების ახალ მოთხოვნებს წინასწარ და სწორად მოერგონ“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ დადგენილი წესები ძალაში შედის 2025 წლის 31 დეკემბრიდან.